ტეუტა მატოში დიზაინერია, რომელიც ჯადოსნურ და ჰაეროვან ხელნაკეთ კაბებს ქმნის. შესაძლოა, მისი ნამუშევრები „ინსტაგრამზეც” შეგხვედრიათ. დღეს, მის კაბებს ყველა იცნობს და სოციალურ ქსელში მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს, მაგრამ წარმატებისკენ მიმავალი გზა ტეუტასთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

ტეუტა კოსოვოში, ღარიბ ოჯახში დაიბადა და ერთ-ერთი იყო 9 და-ძმას შორის. მხოლოდ მამა მუშაობდა და მასწავლებლის ანაზღაურებით, ოჯახის ყველაზე მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებდა. ტანსაცმლისთვის ფული არასდროს ყოფნიდათ, ამიტომ ტეუტა ბავშვობიდან თავად იკერავდა სამოსს. სწორედ აქ დაიწყო მისი საოცარი მოგზაურობა.
გოგონა საკუთარი ბუტიკის გახსნაზე ოცნებობდა. უნივერსიტეტში სწავლის დროს, ის პარიზელ პროფესორს შეხვდა, რომელმაც ტეუტა მატოში საკუთარი ფრთის ქვეშ მოაქცია და დიზაინის ჯადოსნური სამყაროს კარი გაუღო. პროფესორის დახმარებით, მან ქსოვილების, თარგებისა და დიზაინის შესწავლა დაიწყო.
3 შვილის ახალგაზრდა დედის გამოცდილებით, აღიარება მხოლოდ მძიმე შრომის და შეუპოვრობის შედეგად მოდის. მაღაზიაში, პატარა შეკვეთებით დაწყებული საქმიანობა, დღეს ფეშენებელურ ბრენდად გადაიქცა.
ტეუტას 40 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც პირადად გაწვრთნა. არც გამოვლილი მძიმე გზა დავიწყებია და ყოველთვის ცდილობს, მუშაობის შესაძლებლობა მასავით გაჭირვებულ ოჯახებში გაზრდილ ახალგაზრდა დედებს მისცეს.