კორონავირუსის პანდემიამ განათლების მიღების სტანდარტები შეცვალა. დისტანციური სწავლება – ეს ტერმინი დამკვიდრდა ჩვენში და მოსწავლეთა უმრავლესობა ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული. სწავლის ახალი ფორმა, ცხადია, სიახლეა მშობლებისთვისაც. ისინი ფაქტობრივად შვილთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ვირტუალურ სკოლაში იმყოფებიან. ზოგიერთი მშობლისთვის ეს სტრესის მიზეზიც კი ხდება. თუმცა იმისთვის, რომ გამოწვევა მარტივად დაძლიოთ, ბავშვმა კი ხარისხიანი განათლების მიღება შეძლოს, რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ.
1
თავიდანვე უნდა იცოდეთ პრობლემების არსი. დისტანციური სწავლება, სასწავლო პროცესში, არაერთი პრობლემით შეიძლება დახასიათდეს. მთავარ პრობლემებს შორისაა ცუდი ინტერნეტი, ტექნიკური პრობლემები. განეწყვეთ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი საკმაოდ რთული იქნება და ის თქვენს ეფექტურ ჩართულობას მოითხოვს.
2
გაეცანით გაკვეთილების ცხრილს. ონლაინ სწავლების დროს მარტივია, ბავშვმა გაკვეთილს თავი აარიდოს. მას უბრალოდ შეუძლია გამორთოს ხმა, ვიდეოთვალი. ამიტომაც, სჯობს იცოდეთ, რომელ დღეს, რომელ საათზე რა გაკვეთილი აქვს. თუ ასე მოიქცევით, სასწავლო პროცესი შედეგიანი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვმა ვერ მოახერხოს შესაბამისი ცოდნის შეძენა.
3
დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. გაკვეთილების შემდეგ მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. განტვირთვა აუცილებელია, როგორც ბავშვისთვის, ასევე თქვენთვის. შვილსაც მიეცით თავისუფლება, უფლება, რომ აკეთოს ის, რაც უყვარს და ასევე თავადაც დაკავდით საყვარელი საქმით.
4
დისციპლინა. სკოლის მოსწავლეები კლასში ყოფნისას წესრიგს არიან მიჩვეულები. კარგი იქნება, თუ ონლაინ რეჟიმშიც არ დაივიწყებთ დისციპლინის შესახებ. მიაჩვიეთ ბავშვი როგორც მაგიდის, ასევე კომპიუტერის „დესკტოპის” დალაგებას და ფაილების დახარისხებას.
5
დაიხმარეთ პედაგოგი. ყველა სირთულისთვის არავინ არის მზად. მიუხედავად მცდელობისა, შესაძლოა, ონლაინ სწავლების პროცესის დროს მაინც გადააწყდეთ სირთულეებს, ამიტომაც, უმჯობესი იქნება, თუ პედაგოგს რჩევებს ჰკითხავთ და მის რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ.