2020 წელი არავისთვის ყოფილა მარტივი. კორონავირუსის პანდემიამ ახალი რეალობა შექმნა და ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ბევრი კორონავირუსს გრინჩს უწოდებს, რომელმაც არა მხოლოდ შობა და ახალი წელი, არამედ ცხოვრების ერთი წელი მოგვპარა, ბევრს საყვარელი ადამიანი წაართვა, ბევრსაც სამსახური.
სახლში უქმად ყოფნა თუ პანდემიამდე სიზარმაცეზე მიანიშნებდა, თანამედროვე ცხოვრებაში სახლში ყოფნა გმირობის ტოლფასადაც კი იქცა. „დავპაუზდით“, „ცხოვრება წაგვართვეს“, „თითქოს ეს წელი საერთოდ არ ყოფილა“ – ეს და მსგავსი ფრაზები ალბათ, თავადაც გითქვამთ და გარშემო მყოფებისგანაც ხშირად მოგისმენიათ.
ასეთ პირობებში, როცა ჩვენ სახლებში დავრჩით, როცა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღეთ ვითარების შეცვლაზე და მიუხედავად მძიმე ეკონომიკური, თუ ფსიქოლოგიური ფონისა, მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წამით არ შეუსვენიათ და რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის და ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ და დღემდე ასე აგრძელებენ – მედპერსონალი, ადამიანები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლაში წინა ხაზზე აღმოჩდნენ და ჩვენი დროის გმირებად იქცნენ.

ჩვენი დროის გმირებისთვის მადლიერების გამოსახატად „ევექსმა“ სპეციალური ონლაინ პლატფორმა, miceremadloba.ge შექმნა. პლატფორმა აერთიანებს ისტორიებს, რომლებიც კოვიდ-ჰოსპიტლების კედლებს მიღმა რჩება და საშუალებას გაძლევთ სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერება გამოხატოთ. მადლიერება და გამხნევება კი ისაა, რაც ამ ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სკაფანდრებში გამოწყობილი, მუდამ სხვებზე მზრუნველნი დაუღალავად შრომობენ ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად. გარდა იმისა, რომ რთულია ასეთი სამოსი გეცვას მთელი დღე, რთულია იმუშაო შეუსვენებლად, რთულია საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენო, კიდევ უფრო დიდი სირთულე მათთვის ოჯახის გარეშე ყოფნაა და ჩვენ ვიცით, რომ მედიკოსთა უმეტესობა კლინიკაშივე ცხოვრობს და კვირების განმავლობაში ვერ ნახულობენ შვილებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს.
რთულია მოვძებნოთ საჭირო სიტყვები ექიმებისთვის მადლობის სათქმელად და ალბათ, არც არსებობს შესაბამისი ტერმინები ლექსიკონში. ადამიანებმა არაერთი აქცია მოიფიქრეს იმ მიზნით, რომ მედპერსონალისთვის თავიანთი მხარდაჭერა ეჩვენებინათ – საყოველთაო ტაშის აქცია მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელია.
ალბათ, დღეს ექიმებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამხნევება, იმისთვის, რომ არ დანებდნენ და შეძლონ საკუთარ თავში სხვების დახმარების ძალის შენარჩუნება. ყველა კოვიდინფიცირებულს, გამოჯანმრთელებულს თავისი ისტორია აქვს და ყველა ისტორიას ექიმებამდე მივყავართ, მზრუნველ მედიკოსებამდე, რომელთა ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც კი ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.