ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფრაზა „ყველა კაცი ერთნაირია“, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნონსენსია, რომელიც შეიძლება მოისმინოთ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი განსხვავდება და სხვადასხვა უნიკალური ხასიათის შტრიხები აქვთ.
ქალებიც სწორედ ამ უნიკალურობის გამო იხიბლებიან და უყვარდებათ. ბევრ სხვადასხვა კატეგორიის კაცს შორის, ურთიერთობების ექსპერტები გამოყოფენ ხუთი კატეგორიის მამაკაცს, რომლებიც ქალებს არ უნდა მოსწონდეთ, მაგრამ მოსწონთ. მათი მტკიცებით, შესაძლოა, ყოველივე სხვადასხვა ფსიქოლოგურ პრობლემასთანაც კი იყოს დაკავშირებული.
ნახეთ, რატომ შეიძლება შეგიყვარდეთ ქვემოთ მოცემული 5 კატეგორიის მამაკაცი, სანამ „მისტერ იდეალურს“ შეხვდებით.
1. მისტერ ნარცისი

მისი შარმი, ნიჭი, წარმატება, მომხიბვლელობა და ქარიზმა გარშემო ყველას ყურადღებას იპყრობს და თითქოს ყველას ჩრდილში აქცევს. საუბრის დროს ბრწყინავს. ცდილობს გარშემო მყოფებს საკუთარი უპირატება აჩვენოს, საოცრად ეგოცენტრულია, საკუთარ თავზე ორიენტირებული, ის ვერ აიტანს გვერდით წარმატებულ ადამიანს.
რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასეთი ბიჭი მოგწონთ?
ეს ნიშნავს, რომ თავადაც ნარცისი ხართ და მასთან საერთო მახასიათებლებს პოულობთ, სწორედ ამიტომ იხიბლებით. ნარცისიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს, რაც შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, რადგანაც ორი ნარცისის ურთიერთობა იშვიათად მთავრდება ბედნიერად. მათ შორის მუდმივი ჩხუბი და გაუგებრობაა.
2. მისტერ უემოციო

ის არ გაჩვენებთ თავის ნამდვილ ემოციებს, ვერასდროს მიხვდებით, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, ან რას ფიქრობს თქვენზე. ბევრს საუბრობს წარსულზე, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს სერიოზულ ურთიერთობას არ ეძებს.
რას ნიშნავს თუ ასეთი მამაკაცით იხიბლებით?
ფიქრობთ, რომ კარგ პარტნიორს არ იმსახურებთ. დიდი ალბათობით, წარსულში გული გატკინეს და ახლა არ გასვენებთ იმაზე ფიქრი, რომ უკეთესს არ იმსახურებთ. მდგომარეობა რომ შეცვალოთ და მსგავს აზრებს მოერიოთ, მნიშვნელოვანია, რომ აპატიოთ საკუთარ თავსაც და სხვასაც წარსულის შეცდომა, უბრალოდ, თავიდან დაიწყოთ ცხოვრება.
3. მისტერ „დახმარება მჭირდება“

არაფერია უცნაური იმაში, თუ ადამიანი დახმარებას გთხოვთ, მაგრამ არის მამაკაცთა კატეგორია, რომლებსაც ეს ჩვევაში აქვთ და ყველაზე მცირე პრობლემის მოგვარებასაც კი არ ცდილობენ დამოუკიდებლად, მაშინვე დახმარების თხოვნით მოგმართავენ. ასეთი კაცები სხვებს ავალდებულებენ, რომ მათ ნაცვლად გააკეთონ ყველაფერი.
რატომ მოგწონთ ასეთი კაცები?
ვიღაცისთვის შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ არიან ქალები, რომლებიც მსგავსი კატეგორიის მამაკაცებით იხიბლებიან. თუ ასეთი კაცებით იხიბლებით, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაქვთ განცდა იმისა, რომ ვიღაცის წინაშე ვალში ხართ, რომ ვიღაცას მუდამ რაღაც უნდა გაუკეთეთ. გგონიათ, რომ თუ მის ნაცვლად თქვენ არ გააკეთებთ, ურთიერთობა დასრულდება. ფსიქოლოგთა მტკიცებით, ეს აუცილებლად უნდა გამოასწოროთ. არ ხართ ვალდებული სხვების ყველა პრობლემა მოაგვაროთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეიყვარეთ და უფრო მეტად დააფასეთ ის.
4. მისტერ „ქორწინების ფობია“

ამ კატეგორიის კაცებს უამრავი მოკლევადიანი რომანტიკული ურთიერთობა აქვთ, თუმცა ყველანაირად არიდებენ თავს მყარ ურთერთობაში ყოფნას, მით უფრო, ქორწინებას. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ შესაფერ ქალს ჯერ არ შეხვედრიან.
რატომ მოგწონთ ასეთი კაცები?
ასეთი კაცები ყველა ქალს ყურადღებას აქცევენ და მათ შორის, თქვენც. თქვენ კი ეს ყურადღება ძალიან გხიბლავთ, მოგწონთ ის, რომ ვიღაცას მოსწონხართ, თუმცა ამ კატეგორიის კაცის გვერდით, რეალურად, თავს უსაფრთხოდ ვერასდროს იგრძნობთ და მუდმივად გექნებათ იმის განცდა, რომ შესაძლოა, წავიდეს.
5. მისტერ ჭირვეულობა

ამ კატეგორიის კაცები ყველაფერში თქვენ გადანაშაულებენ, იმისდა მიუხედავად, ხართ თუ არა დამნაშავე. გელაპარაკებიან როგორც ბავშვს, გტუქსავენ, გამუდმებით გაკრიტიკებენ.
რატომ მოგწონთ ასეთი კაცები?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა, ემოციური საზღვრების შენარჩუნების პრობლემა გქონდეთ. არ იცით სად გაავლოთ ზღვარი საკუთარ თავსა და მას შორის. ცდილობთ სხვებს ასიამოვნოთ და ამით მოიპოვოთ პატივისცემა. ამ მეთოდით გინდათ, რომ საჭირო ადამიანად ჩაგთვალონ, რაც არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა ვერ იქნება წარმატებული. არავის აქვს უფლება უმიზეზოდ დაგადანაშაულოთ. პატივისცემით მოექეცით საკუთარ თავს, თუ გინდათ, რომ სხვებმაც დაგაფასონ.