თუ სილამაზის ინდუსტრიაში არსებულმა განსხვავებული ფორმის, დიზაინისა და დანიშნულების ასობით ფუნჯმა დაგაბნიათ, გახსოვდეთ, რომ არსებობს 6 კლასიკური ფუნჯი, რომელთა დახმარებით, ნებისმიერი სირთულის მაკიაჟის გაკეთებას შეძლებთ.
1. ტონალური კრემის წასასმელი ფუნჯი (Flat Foundation Brush)

ტონალური კრემის წასასმელი ფუნჯი უფრო ბრტყელი და შეკრულია. პირველ რიგში, კრემი მოათავსეთ ხელზე. ფუნჯის დახმარებით, მასა შუბლზე, ღაწვებსა და ნიკაპზე დაიტანეთ. ტონალური კრემი წრიული მოძრაობით გადაინაწილეთ მთელ სახეზე მანამ, სანამ კანი ერთგვაროვანი გახდება. ფუნჯზე მორჩენილი მასა ბოლოს ცხვირზეც გადაისვით.
2. კორექტორისა და კონსილერის წასასმელი ფუნჯი (Precision Concealer Brush)

თხევადი კორექტორისა და კონსილერის წასასმელ ფუნჯს მოკლე და მომრგვალებული თავი აქვს. იმისათვის, რომ ჩაშავებულ ლაქებს ებრძოლოთ, კონსილერის 3 წერტილი დაიტანეთ თვალის ქვეშ და ფუნჯის გამოყენებით ერთგვაროვნად გადაინაწილეთ. კონსილერის წასმის ტექნიკას ვიდეოში იხილავთ.
3. კუთხოვანი ფუნჯი კონტურის, რუჯისა და ჰაილაითერის წასასმელად (Angled Buffer Brush)

კონტური კუთხოვანი ფუნჯით დაიტანეთ ლოყის ხაზის გასწვრივ და მოკლე მოძრაობებით გადაინაწილეთ. კონტურის წასმის ტექნიკა ნაჩვენებია ვიდეოში.
რუჯი დაიტანეთ ლოყის ზედა ნაწილზე და წრიული მოძრაობებით გადაანაწილეთ.
ჰაილაითერი დაიტანეთ ღაწვებზე, ცხვირზე, ნიკაპსა და ტუჩის ზედა ნაწილზე.
4. ფხვიერი კოსმეტიკის წასასმელი ფუნჯი – პუდრი, რუჯი, ბრონზერი (Blusher Brush)

სახეზე ფხვიერი კოსმეტიკის წასასმელად გამოიყენეთ უფრო დიდი ზომის, გაშლილი და ფუმფულა ფუნჯი.
5. თვალის ჩრდილის წასასმელი ფუნჯი (Crease Blending Brush)

თვალის ჩრდილის წასასმელი ფუნჯი მოცულობაში პატარა ზომისაა და წაგრძელებული თავი აქვს. მისი გამოყენებით ადვილად მიწვდებით თვალის კუთხეებს. ვიდეოში ნახავთ ჩრდილის დატანის მარტივ და ეფექტურ ტექნიკას.
6. წარბის საკორექციო ფუნჯი, რომელიც იდეალურია თვალის ლაინერის წასასმელადაც (Angled Defining Brush)

საკორექციო ფუნჯს ძალიან პატარა და მყარი თავი აქვს. წარბების შესავსებად შეგიძლიათ ყავისფერი თვალის ჩრდილი ან რუჯი გამოიყენოთ.
ფუნჯის სიმყარიდან გამომდინარე, მისი გამოყენება თვალის ლაინერის წასასმელადაც შეგიძლიათ. ნახეთ ვიდეო მარტივი ტექნიკის შესასწავლად.
მოცემული ვიდეოების საავტორო უფლებები ეკუთვნის H&M-ს.