ტანის ლოსიონი კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. სხეულის დატენიანება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისა და თავის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ამ ერთი შეხედვით უმარტივეს პროცედურას, რომელსაც ტანის ლოსიონის წასმა ჰქვია, ყოველთვის სწორად ვასრულებთ, თუმცა არსებობს ისეთი შეცდომები, რომლებსაც ჩვენდა უნებურად ვუშვებთ. დღეს სწორედ ასეთი 5 შეცდომის შესახებ მოგიყვებით.
ასევე წაიკითხეთ: 15 მარტივი ხრიკი, რომელიც სუნამოს ხმარების დროს გამოგადგებათ
1. სხეულის ნაწილების გამოტოვება
ქალების უმეტესობა მხოლოდ ფეხებზე დაიტანს ტანის ლოსიონს. ამის საბაბი ის გახლავთ, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ამ ზონას ვიპარსავთ, თუმცა დატენიანება როგორც ფეხებს, ისე სხეულის სხვა ნაწილებსაც სჭირდებათ.

2. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში
განსაკუთრებულ შემთხვევებში გაღიზიანებული ან ძალიან გამომშრალი კანი იგულისხმება, ან სულაც ზამთრის სეზონი, როდესაც ჩვენი სხეულის კანი მარტივად შრება. ტანის ლოსიონების სისტემატური გამოყენება თქვენს კანს ტონუსში ყოფნის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება გამორჩეულ სეზონებს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს, რადგან ტანის ლოსიონი ზაფხულში, რუჯის შემდგომაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სუსხიან ზამთარში.

3. დაუდგენელი წარმომავლობის პროდუქტები
პირველ ყოვლისა, უნდა ავღნიშნოთ, რომ ბიუჯეტური პროდუქტის არსი სულაც არ ასოცირდება უხარისხოსთან. მით უმეტეს მაშინ, როდესაც გარშემო ძალიან კარგი ბიუჯეტური ბრენდების ასევე ძალიან კარგ პროდუქციას შეიძენთ. მაგრამ როდესაც საქმე ბიუჯეტურ პროდუქტებს ეხებათ, რომელთა წარმომავლობა დაუდგენელი, შემადგენლობა კი უცნობია, ეცადეთ მათი შეძენისგან თავი შეიკავოთ.

4. ზედმეტად გაშრობა
ხშირად, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კანს ზედმეტად დიდხანს ვაცდით, რომ გაშრეს და მხოლოდ ამის შემდეგ დავიტანთ დამატენიანებელს. სინამშვილეში, უმჯობესია თუ ტანის ლოსიონს ოდნავ ტენიან კანზე დაიტანთ. ასე ლოსიონი უფრო კარგად შეიწოვება და ნაკლებად გახდება თქვენთვის უსიამოვნო შეგრძნების მატარებელი.

5. დღეში ერთხელ დატენიანება
ადამიანების ნაწილს, რომლებიც ზაფხულში შხაპს რამდენჯერმე ივლებენ, მიაჩნიათ, რომ ტანის ლოსიონი მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენონ. მთავარი შეცდომაც სწორედ ესაა. სინამდვილეში ისინი ხშირი დაბანით იმდენად აშრობენ სხეულის კანს, რომ შესაძლოა დღის ბოლოს ერთხელ წასმულმა ტანის დამატენიანებელმა სასურველი შედეგი სულაც არ გამოიღოს.
