პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახს გასულ წელს ჩამოშორდნენ, საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ და თავიანთ პატარა ოჯახსა და მენტალურ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ზრუნვა.
ახლა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოჯახი განსაკუთრებით აქტუალურია, საზოგადოება ოპრა უინფრისთან ჰარისა და მეგანის ექსკლუზიური ინტერვიუს მოლოდინშია. მას მაყურებელი კვირას იხილავს. ინტერვიუს თიზერი უკვე გამოჩნდა და ის ზოგად წარმოდგენას გვიქმნის იმ თემებზე, რომლებსაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოპრასთან ერთად განიხილავენ.

როგორც თიზერიდან ირკვევა, ყურადღება გამახვილდება მიზეზებზე, რომელთა გამოც წყვილმა სამეფო ოჯახის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ჰარი და მეგანი ისაუბრებენ ბრიტანულ ტაბლოიდებზე, ,,მთავარ ბოროტმოქმედებზე”, რომლებმაც მათ ბრიტანეთიდან წასვლისკენ უბიძგეს.
პრინცს ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ახლა არ გასჩენია. ის ყოველთვის მტრულად იყო განწყობილი და არაერთხელ დაუდანაშაულებია თავისი დედის, პრინცესა დიანას გარდაცვალებაში პაპარაცები. „იმის წარმოდგენაც არ შემიძლია, რისი გადატანა მოუწია დედაჩემს და ის სრულიად მარტო იყო. ჩვენ ერთმანეთი მაინც გვყავდა”, – ამბობს ჰარი ოპრასთან.
ჟურნალისტების შესახებ პრინცს აქამდეც არაერთხელ უსაუბრია. Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი წლების წინ ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს, სადაც ახალგაზრდა პრინცი საუბრობს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პრესისა და ტაბლოიდების მიმართ.
Pre Meghan Harry hated the press with even more vim than post Meghan Harry, and for very good reason. pic.twitter.com/YFPmpbvL8c
— Dapo Adeola (@DapsDraws) February 27, 2021
„მამა ყოველთვის მეუბნებოდა, არ წამეკითხა პრესა. ამას ყველა მეუბნებოდა, რადგან ჩემს გარშემო ყველამ იცოდა, რომ ეს ნაგავი იყო, ტყუილი. მიკვირს, რამდენი ადამიანი კითხულობს დიდ ბრიტანეთში პრესას. ჩემი აზრით, ყველა დამნაშავეა, ვინც ჟურნალს ყიდულობს. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ იქ მოთხრობილი ამბების არავის სჯერა. მე ნამდვილად არ მჯერა”, – ამბობს პრინცი ჰარი. მას თავისუფლება, ბრიტანული პრესისგან და ბუკინგემის სასახლისგან შორს ყოფნა სურდა, ოცნება კი მეგანთან ერთად აისრულა.
