Youtube-ის პლატფორმა ე.წ. „იუთუბერების” მიერ დომინირებული სივრცე იყო, სადაც სელებრითები „ცხვირის შეყოფას” ვერ ბედავდნენ. იმისათვის, რომ პლატფორმაზე წარმატებული კრეატორი გახდე, გამომწერები „იუთუბერებისგან” წარმოუდგენელ გულწრფელობას მოითხოვენ, რაც მილიონობით ადამიანისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი და ინტიმური დეტალების გაზიარებას გულისხმობს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ სელებრითები პლატფორმაზე აქტიურობას ერიდებიან.

ბოლო წლებში, ტენდენცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ადამიანები ერთი მეორის მიყოლებით წარმოგვიდგენენ საკუთარ Youtube არხებს. აღსანიშნავია, რომ ეს მცდელობა ყოველთვის წარმატებით არ სრულდება. მაგალითად, როდესაც ვიქტორია ბექჰემმა საკუთარი არხი დაანონსა, ფანები სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. ნუთუ, გაჩნდებოდა სივრცე, სადაც ვიკი თავის ნამდვილ ცხოვრებაში შეგვახედებდა? ერთი წლის შემდეგ, ვიქტორია ბექჰემის Youtube-ის არხი წარუმატებელ, ჩავარდნილ პროექტად შეფასდა.
ამჯერად, „სელებრითი იუთუბერების” რიგებს, რომელიც საერთაშორისო მეგა ვარსკვლავებს არ სწყალობს, ჰეილი ბიბერი შეუერთდა. ჯიმი ფელონის შოუში ჰეილიმ განგვიმარტა, რომ არხის ქონთენთი მისთვის საინტერესო თემების გარშემო იტრიალებდა. The Tonight Show Starring Jimmy Fallon-თან სტუმრობის დროს, მოდელმა Yves Saint Laurent-ის შავი ფერის მაქმანებიანი კაბა მოირგო.
Youtube-ზე ჰეილის ერთ-ერთ პირველ ვიდეოს 3 დღეში 3,5 მილიონი ნახვა აქვს. რაშია მისი საიდუმლო? „სტუმრად ჰეილის აბაზანაში”: მოწვეული სტუმარი ქენდალ ჯენერი, აბაზანაში ტეკილას სმა და არაფხიზელ მდგომარეობაში „მე არასდროს”-ის თამაში. ჰეილიმ Youtube-ის გამომწერებს მისცა ის, რასაც ითხოვდნენ: ცოტა აბსურდული და მხიარული სიუჟეტი, პირადი ცხოვრების დეტალები და გულწრფელობა. ჰეილი ბიბერმა მოახერხა, რომ Relatable ყოფილიყო, რაც მისი იუთუბის არხის წარმატების მთავარი საფუძველი გახდება.
Youtube-ის არხის შექმნა ჰეილის მარკეტინგული გუნდის სტრატეგიული სვლაც გახლავთ. მოდელი საკუთარი სილამაზის ხაზის ჩასაშვებად ემზადება. ახალი ხაზის და სილამაზის პროდუქტების წარსადგენად კი, Youtube-ი ერთ-ერთი საუკეთესო არხია.