უმსხვილესმა ტექნიკის მწარმოებელმა, კომპანია Apple-მა ბაზარზე ახალი, რიგით მეთორმეტე iPhone-ის გამოშვება დაანონსა. მილიონობით ადამიანისთვის სასურველი ტელეფონი გაყიდვაში მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ჩაეშვება. გაყიდვაში გამოვა ოთხი მოდელი: კლასიკური, მინი, პრო და პრო მაქსი. რა ვიცით ახალი iPhone 12-ის შესახებ?
1. ვიზუალი და მოდელები
ახალი iPhone-ის ვიზუალი 2010 წელს გამოსული, iPhone 4-ის ვიზუალს იმეორებს. კვადრატული მეტალის ჩარჩოში ჩასმული ეკრანი, ოთხჯერ უფრო გამძლეა ვიდრე iPhone 11-სა.

2. iPhone 12 კლასიკური
15.5 სანტიმეტრი სიგრძის OLed ტექნოლოგიის ეკრანი. ორ უკანა და ერთ ფრონტალურ კამერას ამჯერად ღამის გადაღების რეჟიმი აქვს. iPhone 12 ხუთ ფერშია წარმოდგენილი: შავი, თეთრი, წითელი, ლუჯი და მწვანე. სასტარტო ფასი ამერიკულ ბაზარზე 800 დოლარი იქნება, წინასწარი შეკვეთა 16 ოქტომბერიდან იქნება შესაძლებელი.

3. iPhone 12 მინი
ეს იქნება წინამორბედ iPhone SE-ზე უფრო პატარა მოდელი. ეკრანის ზომა 12 სანტიმეტრს შეადგენს. სასტარტო ფასი ფასი 700 დოლარია. iPhone 12 Mini-ს შეძენა მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

4. iPhone 12 პრო
iPhone 12 Pro-ს ზომა კლასიკურისგან არ განსხვავდება, თუმცა ამ მოდელს ქირურგიული ფოლადით გაძლიერებული კორპუსი ექნება. ელემენტი იმუშავებს უფრო დიდხანს, ექნება მეხსიერება – 512 გიგაბაიტი და უკეთესი კამერა. პრო ოთხ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ლურჯი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და მუქი ვერცხლისფერი. სასტარტო ღირებულება 1000 დოლარი იქნება. iPhone 12 Pro-ს შეძენა 23 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.

5. iPhone 12 პრო მაქსი
iPhone 12 პროსგან, მაქსი მთლიანობაში მხოლოდ დიდი ზომის ეკრანით განსხვავდება. iPhone 12 Pro Max-ის ეკრანის ზომა 17 სანტიმეტრი იქნება. ამერიკულ ბაზარზე სასტარტო ფასი 1100 დოლარს შეადგენს. მოდელის ყიდვა მიმდინარე წლის 13 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.

6. 5G
ახალ აიფონს ექნება 5G ინტერნეტი, რომელიც წინამორბედ 4G-ზე გაცილებით სწრაფია. 5G 4K რეზოლუციის ვიდეოს ონლაინ რეჟიმში ნახვის საშუალებას იძლევა, გარდა ამისა გამოჩნდება გაცილებით დიდი მოცულობისა და გრაფიკული შესაძლებლობების სატელეფონო ვიდეოთამაშები.

7. მაგნიტური დამტენი
iPhone 12-ს ექნება ახალი ტიპის, MagSafe მაგნიტური დამტენი. კორპუსზე მხოლოდ სატენის მიდება საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი ტელეფონი დაიტენოს.

8. შეფუთვა
ახალ iPhone-ებს აღარ მოყვება Lightning ყურსასმენები და USB გადამყვანი. Apple-ის განმარტებით, მომხმარებელთა უმეტესობას აქსესუარები უკვე აქვთ. გარდა ამისა, კომპანია დამატებითი დეტალების შექმნაზე უარს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც ამბობს.

9. HomePod Mini
2018 წლის შემდეგ Apple პირველად გამოუშვებს ე.წ. „ჭკვიან” დინამიკს. პირველი HomePod-ისგან განსხვავებით, ახალი მოდელი უფრო მცირე ზომის და ბიუჯეტური იქნება. დინამიკის შეძენა 99 დოლარად იქნება შესაძლებელი.
