ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჰილარი დაფი და მისი რჩეული, The Come Clean-ის სოლისტი და ჰილარის ქალიშვილის მამა, მეთიუ კომა გასულ უიქენდზე დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონია ლოს-ანჯელესში, წყვილის სახლის ეზოში გაიმართა და მას ჰილარისა და მეთიუს უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მიუხედავად მოკრძალებული ცერემონიისა, ჰილარის ჯადოსნურ თეთრ კაბაზე უარი არ უთქვამს და Jenny Packham-ის საოცრად ელეგანტური, თანამედროვე და ორიგინალური კაბა მოირგო. საპატარძლო კაბა სპეციალურად ჰილარისთვის ლონდონში დამზადდა და მასზე დიზაინერი თავდაუზოგავად მუშაობდა.
კომამ და დაფმა ერთმანეთი წლების წინ, ჰილარის მუსიკალური ალბომის სამზადისში გაიცნეს, როდესაც მეთიუ მასთან ერთად მუსიკას წერდა. 2017 წელს წყვილმა ურთიერთობა დაიწყო, თუმცა 3 თვის შემდეგ დაშორდა, მალევე მათი გზები ისევ გადაიკვეთა და უკვე სამუდამოდ. 2018 წელს ჰილარიმ განაცხადა, რომ ორსულად იყო. დაფი და კომა საერთო ქალიშვილსა და ჰილარის პირველი ქორწინებიდან ვაჟს ზრდიან.