ზაფხულის უკანასკნელ დღეს, ინგლისელი მომღერალი ელი გოლდინგი და მისი რჩეული კასპარ ჯოპლინი დაქორწინდნენ. საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებამ 1 წელიწადზე მეტხანს გასტანა, თუმცა ელისა და კასპარის ჯადოსნური ქორწილი ყოველ დახარჯულ წუთად ღირდა.



ქორწილში გოლდინგისა და ჯოპლინის ოჯახის წევრებმა და უახლოესმა მეგობრებმა მოიყარეს თავი, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებამ ერთად უამრავი ნაცნობი და საყვარელი სახე იხილა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ორლანდო ბლუმი და ქეთი პერი, სიენა მილერი და ლუკას ცვინერომი, პრინცესები ბეატრისი და ევგენია, ჯეიმს ბლანტი მეორე ნახევართან ერთად და მრავალი სხვა.





თავად პატარძალი დანიშნულების ადგილას 25 წუთის დაგვიანებით გამოჩნდა, რითაც საქმროც და შეკრებილი საზოგადოებაც საკმაოდ ანერვიულა, თუმცა ელის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. გოლდინგმა ზღაპრული თეთრი საქორწილო კაბა მოირგო გრძელი მკლავებითა და ყელით. ამ სადა, თუმცა ამავდროულად დახვეწილი და ელეგანტური კაბის შექმნა Chloe-ის კრეატიულმა დირექტორმა, ნატაშა რამზი-ლევიმ აიღო საკუთარ თავზე. კაბის შექმნას ჯამში 640 საათი დასჭირდა, ცოტა ნაკლები დრო წაიღო ვუალისა და მეჯვარეების სამოსის შექმნის პროცესმა, რომლებიც აგრეთვე თეთრ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი.


შეგახსენებთ, რომ ელი გოლდინგმა და კასპარ ჯოპლინმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყეს, ჭორები მათი რომანის შესახებ ამა წლის გაზაფხულზე გაჩნდა, უკვე ზაფხულში კი ყველაფერი ცხადი იყო. ერთი წლის მოგვიანებით წყვილი დაინიშნა. რამდენიმე დღის წინ კი მათ ერთმანეთს სამუდამო სიყვარული და ერთგულება შეჰფიცეს.
