2019 წელი უხვი აღმოჩნდა სპონტანური, საიდუმლო და გრანდიოზული საქორწინო ცერემონიებით. მართალია, წელი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მაინც გადავავლოთ თვალი იმ ახლადშექმნილ სელებრითი ოჯახებს, რომელთა გარშემოც საზოგადოების ინტერესი არ წყდება.
ყველაზე გრანდიოზულად აუცილებლად უნდა დავასახელოთ ჯასტინ და ჰეილი ბიბერის საქორწინო ცერემონია, რომელსაც მთელი წელი დიდი ინტერესით ველოდით.
მოულოდნელის ტიტულს ნამდვილად იმსახურებდა დუეინ ჯონსონის ქორწილი, მსახიობი 12 წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინდა ლორენ ჰაშიანზე, თუმცა ეს ტიტული მას რაფაელ ნადალმა ჩამოართვა მას შემდეგ, რაც 14 წლიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა მარია პერელოზე დაქორწინება.
ყველაზე გასაიდუმლოებულის ტიტულს კი ჯენიფერ ლოურენსისა და კუკ მერუნის საქორწინო ცერემონია იმსახურებს. პაპარაცებმა მხოლოდ ერთი ფოტოს მოპოვება მოახერხეს, რომელზეც არც არაფერი ჩანს და წყვილს ამ მომენტამდე არ გაუვრცელებია ცერემონიიის ოფიციალური ფოტოები. ჭორების თანახმად, ჯენიფერს Dior-ის საქორწილო კაბა ამშვენებდა და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში მის ხილვასაც შევძლებთ.

თვალი გადაავლეთ ახალდაქორწინებულებს და აუცილებლად გაგვიმხილეთ, რომელია მათ შორის თქვენი რჩეული?
მაილს ტელერი და კელეი სპერი
Divergent-ის ვარსკვლავმა მაილს ტელერმა რჩეულზე კელეი სპერიზე, 1-ელ სექტემბერს, ჰავაიში იქორწინა. წყვილი ერთმანეთს 2013 წლიდან ხვდება და 2017 წელს აფრიკაში დაინიშნა.

ელი გოლდინგი და კასპარ ჯოპლინგი
ინგლისელმა მომღერალმა ელი გოლდინგმა და არტ დილერმა კასპარ ჯოპლინმა იორკშირში, ზაფხულის უკანასკნელ დღეს გრანდიოზული წვეულება მოაწყვეს. ელიმ Chloé-ის ჯადოსნური საპატარძლო კაბა მოირგო და ვარსკვლავური სტუმრების გარემოცვაში იქორწინა.

დუეინ ჯონსონი და ლორენ ჰაშიანი
დუეინმა და ლორანმა ჰავაის კუნძულებზე იქორწინეს. მსახიობი და მომღერალი ერთმანეთს 2006 წელს, The Game Plan-ის გადაღებებზე შეხვდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2007 წელს დაიწყო. დღეს ისინი ორი ქალიშვილის მშობლები არიან.

კამილა ლუდინგტონი და მეთიუ ალანი
Grey’s Anatomy-ისა და 13 Reasons Why-ს მსახიობებმა ივლისის თვეში, კალიფორნიაში ოკეანის სანაპიროზე იქორწინეს. კამილა და მეთიუ 2017 წელს, ახალი წლის წინა ღამეს დაინიშნენ, წყვილს საერთო ქალიშვილი ეიდენი ჰყავს.

მეთიუ ბელამი და ელ ევანსი
წყნარი ოკეანის ქვიშიან სანაპიროზე, მზის სხივებისა და ფერადი ყვავილების ფონზე, Muse-ის სოლისტმა და მოდელმა სამუდამო სიყვარულისა და ერთგულების ფიცი დადეს. მეთიუ ბელამი და ელ ევანსი 2017 წელს დაინიშნენ, მათი ურთიერთობა კი 2015 წელს დაიწყო.

ჰაიდი კლუმი და ტომ კაულიცი
გერმანელმა სუპერმოდელმა და Tokio Hotel-ის გიტარისტმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იქორწინეს, თუმცა ნახევარი წლის შემდეგ, ფიცის განახლება და საზეიმო დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტეს. წყვილმა იტალიის სანაპიროსთან იქორწინა, ეს ქორწინება ჰაიდისთვის მესამე, ტომისთვის კი რიგით მეორე გახლავთ.

კრის პრატი და კეტრინ შვარცნეგერი
კრისი და კეტრინი 2019 წლის იანვარში დაინიშნენ, უკვე ივნისში კი ზღაპრული ქორწილი გადაიხადეს. საზეიმო ღონისძიება კალიფორნიაში გაიმართა და მას წყვილის ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

შარლოტა კაზიგარი და დიმიტრი რასამი
მონაკოს პრინცესა შარლოტამ და დიმიტრიმ 2019 წელს 2-ჯერ მოასწრეს დაქორწინება. პირველი საქორწინო ცერემონია მაისის დასაწყისში, მონაკოს სასახლეში გაიმართა და გრეის კელის შვილიშვილმა სამეფო კარის პროტოკოლის ყველა წესის დაცვით იქორწინა. 1 თვის შემდეგ კი კაზიგარიმ და რასამმა ჯვარი პროვანსში დაიწერეს.

ზოი კრავიცი და კარლ გლუსმანი
22 მაისს ცნობილი გახდა, რომ Big Little Lies-ის ვარსკვლავი ზოი კრავიცი თავის რჩეულზე, Love-ის მსახიობ კარლ გრუსმანზე საიდუმლოდ ჯერ კიდევ თებერვალში დაინიშნა, ასევე საიდუმლოდ გაიმართა მათი ხელისმოწერის ცერემონია. ქორწილი კი წყვილმა საფრანგეთში გადაიხადა.

ჯო ჯონასი და სოფი ტერნერი
Game of Thrones-ის ვარსკვლავი და Jonas Brothers-ის სოლისტი პირველად ლას-ვეგასში დაქორწინდნენ, თუმცა სპონტანური გადაწყვეტილების გამო პირველი ცერემონია ვიწრო წრეში აღინიშნა, რასაც ავტომატურად მოჰყვა მეორე გრანიდოზული ქორწილი ფრნგულ შატოში. სოფის საქორწილო კაბა ლუი ვიტონის კრეატიული ხელმძღვანელის, ნიკოლა ჟესკიერის ქმნილება გახლდათ.

ჯუდ ლოუ და ფილიპა კოანი
4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 30 აპრილს The Old Marylebone Town Hall-ში, 46 წლის მსახიობი ჯუდ ლოუ და 32 წლის ფილიპა კოანი დაქორწინდნენ. მოკრძალებული ჯვრისწერის ცერემონია 1 საათს გაგრძელდა. პატარძალმა არჩევანი სპილოსძვლისფერ კაბაზე შეაჩერა, ჯუდმა კი ლურჯი ფერის ხავერდის კოსტუმი მოირგო.

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები
ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზში, საიდუმლო ხელის მოწერის ცერემონიიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ჯასტინმა და ჰეილიმ გრანდიოზული ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს. წყვილმა ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მზის ჩასვლის ფონზე ერთმანეთს Tiffany-ს საქორწილო ბეჭდები გადასცეს.

რაფაელ ნადალი და მარია პერელო
14-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, რაფაელ ნადალი და მარია პერელო დაქორწინდნენ. რაფა და მარია 2018 წლის მაისში, რომში დაინიშნენ და ამ სასიხარულო ინფორმაციას, თითქმის ერთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ. გასაიდუმლოებული იყო უშუალოდ საქორწინო ცერემონიის თარიღიც, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში მალიორკაზე გაიმართა.
