ახალი წლის დადგომასთან ერთად ხშირად გვიჩნდება სურვილი საკუთარ ვიზუალში რაიმე შევცვალოთ, იქნება ეს სტილი, ვარცხნილობა თუ სხვა. სელებრითების სტილისტები, კლერის რაბენშტეინი და ნიკ სტენსონი გვიზიარებენ თმის 10 ფერს, რომელიც 2021 წელს ტრენდული იქნება. სტილისტების აზრით, მინიმალისტური, „ზარმაცი ადამიანის” სტილი კვლავ აქტუალური იქნება, თუმცა არჩევანი არსებობს მათთვისაც, ვისაც განსაკუთრებული ეფექტის მოხდენა სურს. ვნახოთ 2021 წლის საუკეთესო ფერები ტრენდული ვარცნილობისთვის.
ასევე ნახეთ: 2021 წლის მოდის ტენდენციები და მთავარი ტრენდული დეტალები.

1. მბზინავი შავი – სტილისტების აზრით, მბზინავი მუქი შავი ფერი წელს მოდაში კვლავ დაბრუნდება. „ასეთი ფერი ჯანსაღი და სექსუალური ვიზუალის შთაბეჭდილებას ტოვებს.“

2. კარამელის გაკაშკაშება – ყავისფერ თმასთან კარამელისფერი მელირება ვარცხნილობას მოვლილ და გლამურულ იერს შესძენს. 2021 წელს შეეცადეთ მელირება მკვეთრად არ განსხვავდებოდეს ძირითადი ფერისგან.

3. პასტელური ვარდისფერი – გასულ წელს ვარდისფერი თმა კაია გერბერმა, ჰეილი ბიბერმა, დუა ლიპამ და სხვა სელებრითებმა მოიხდინეს. სტილისტების აზრით, პასტელური ვარდისფერი კვლავ ტრენდად რჩება.

4. ფერფლისფერი – „ირონიულია, თუმცა შეღებილი ნაცრისფერი თმა ადამიანს აახალგაზრდავებს. ეს ფერი უკვე დიდი ხანია, რაც აქტუალობას არ კარგავს, თუმცა ამავდროულად, ძალიან სარისკოა, სწორი ეფექტისთვის აუცილებლად მიმართეთ კომპეტენტურ სტილისტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარდასახვა კრახით დამთავრდეს.

5. პლატინუმი – „ნამდვილი თოვლის დედოფლის ვარცხნილობა. ასეთი ფერი 2021 წელს აუცილებლად უნდა მოირგოთ. ეს ფერი უხდება თითქმის ყველას,“ – გვირჩევენ სტილისტები.

6. წითელი ბრინჯაო – თუკი ღია ფერის კანი და ბუნებრივი ჭორფლები გაქვთ, მაშინ ეს ფერი თქვენთვისაა. აღარ გადადოთ, მოირგეთ ასეთი ჟღალი ვარცხნილობა 2021 წლისთვის.

7. თაფლისფერი ქერა – მიუხედავად ავანგარდული ჩამონათვალისა, ბუნებრივობა კვლავ ტრენდულია.

8. კონტრასტული წინამო – ტრენდი, რომელიც გასულ წელს უხვად გვხვდებოდა, 2021 წელსაც ტრენდულია. თუმცა, განსაკუთრებული ეფექტისთვის, ტრადიციული ქერა წინამოს ნაცვლად შეგიძლიათ მეტად კონტრასტული ფერები შეარჩიოთ. იყავით გაბედულები.

9. „ზარმაცი ქერა” – ალბათ, ხშირად შეგხვედრიათ ასეთი ვარცხნილობა და გიფიქრიათ: „ნამდვილად დიდი დრო გავიდა სალონის ბოლო ვიზიტიდან.“ გაგიკვირდებათ, თუმცა ასეთი ვარცხნილობა 2021 წელს ძალიან ტრენდულია. ეს უკანასკნელი კი, ალბათ კარანტინმა გამოიწვია.

10. მუქი შინდისფერი – და ბოლოს ტრენდი, რომელიც ნელ-ნელა თუმცა შესამჩნევად ვრცელდება სოც. ქსელებში. ასეთი ფერის ვარცხნილობა ნამდვილ როკ-ვარსკვლავს შეესაბამება.