სულ რაღაც 24 საათია გასული მას შემდეგ, რაც Nike-მა ახალი ფეხსაცმლის გამოსვლა დააანონსა, თუმცა მან ინტერნეტსივრცე უკვე დაიპყრო. ფუტურისტული დიზაინით შექმნილი პრაქტიკული, სპორტული ფეხსაცმელი თასმების გარეშე, რომლის მოსარგებად ხელებიც კი არ გვჭირდება. განსხვავებული დიზაინი და საოცრად მარტივი ტექნიკა – Nike-მა ეს ამოცანა ნამდვილად შეასრულა.
ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, თუ როგორ გაჩნდა Nike Go Flyease-ს იდეა. თინეიჯერ მეთიუ უოლცერს ცერებრალური დამბლა აწუხებს. 2012 წელს, მეთიუმ კომპანიას მისწერა წერილი, სადაც ითხოვდა, რომ შეექმნათ სპორტული ფეხსაცმელი შშმ პირებისთვის. Nike-მა მომხმარებლის თხოვნა გაითვალისწინა და მას კოლაბორაციაც კი შესთავაზა. ასე შეიქმნა თინეიჯერ მეთიუს შთაგონებით პრაქტიკული და მოსახერხებელი ფეხსაცმელი.

აღსანიშნავია, რომ ფუტურისტულმა ფეხსაცმელმა ორსული ქალების აღფრთოვანებაც გამოიწვია. ტელეწამყვანმა, ამანდა ჰარამ სოციალურ ქსელში Nike Go Flyease-ს ვიდეოც გამოაქვეყნა წარწერით: „ორსულო ქალბატონებო, გამხიარულდით! ახლა აღარ მოგიწევთ წვალება ფეხსაცმლის მორგებაზე. მადლობა Nike-ს ასეთი კომფორტული ფეხსაცმლის შექმნისთვის.“
Pregnant women, rejoice! Now you don’t have to struggle to bend over and tie your shoes. Thanks @Nike for creating these hands free shoes pic.twitter.com/3KkMIEmlI8
— Amanda Hara (@AmandaHara) February 2, 2021
ფეხსაცმელი ექსკლუზიურად, ლიმიტირებული რაოდენობით 15 თებერვალს გამოვა, ხოლო მთლიანი კოლექციის გამოსვლა 2021 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. Nike Go Flyease-ს ღირებულება £104.95 იქნება.
