Moschino-ს კრეატიული დირექტორი, ჯერემი სკოტი 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის დაუვიწყარ კოლექციას წარმოგვიდგენს და კიდევ ერთხელ, სასიამოვნოდ გვაოცებს. ეს არის „მატრიოშკის“ პრინციპით გადმოცემული კოლექცია, შოუ შოუში, რომელმაც ვინტაჟური ჰოლივუდი გაგვახსენა. მოდის ჩვენება გაფიქრებინებთ, რომ ნამდვილ გლამურულ ჯუნგლებში იმყოფებით: ცხოველური პრინტები, ნიანგის კაბა-უნიფორმა, ლეოპარდის კორსეტები, ფლამინგოს კაბა და სხვა.
როგორც აღმოჩნდა, ჯერემი სკოტის მთავარი შთაგონება, ჯორჯ ქიუქორის კლასიკად ქცეული ფილმი „ქალები“ / The Women იყო. სიუჟეტი ასე იწყება: მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ქალბატონი ნიუ-იორკში სალონს ესტუმრება, სადაც მანიკურის ახალ ფერს, „ჯუნგლების წითელს“ შესთავაზებენ. სწორედ ეს გახდა Moschino-ს ახალი კოლექციის სახელწოდებაც.
„ეს ძალაუფლების ფერია“ – ამბობს სკოტი Vogue-თან ინტერვიუში. „თუ არსებობს ისეთი რამ, რაც თავს ძლიერად და თავდაჯერებულად გაგრძნობინებს, მასზე უარი არ უნდა თქვა. მომწონს ის ფაქტი, რომ ფერს ამხელა ემოციის გადმოცემა შეუძლია“.

„ჩემთვის კრეატიულობის კონტროლი ძალიან მარტივია. წყალივით არის, შემიძლია ის ჭიქაში ჩავასხა, ვაზაში ან თუნდაც აუზში. ასე გადმოვცემ ჩემს კრეატივს. შესაძლებელია, იდეები ნებისმიერ რამეში ჩანერგო“.
Moschino-ს ახალი კოლექციის ჩვენება ჰეილი ბიბერმა გახსნა. ჰეილი კლასიკური კოსტუმითა და Moschino-ს საკულტო პატარა ქუდით გამოჩნდა. ბიბერის გარდა, ახალი კოლექცია ჯოან სმოლსმა, ლილი ოლდრიჯმა, ტეილორ ჰილმა, მირანდა კერიმ და სხვებმა წარადგინეს.
© Moschino