მოდის ისტორიას ბევრი დასამახსოვრებელი, მნიშვნელოვანი მომენტი ახსოვს და ძალიან რთულია მათ შორის რამდენიმეს შერჩევა. არსებობს ისეთი მომენტები, რომლებმაც მოდა შეცვალეს, სტილი განვითარების ახალ საფეხურზე გადაიყვანეს და რევოლუციური სიახლეები შემოიტანეს.
მოდა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა სანამ ის ისეთ ფორმას მიირებდა, როგორიც დღესაა, განვითარების ბევრი ეტაპი გაიარა. ვნახოთ, 9 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოდის ისტორიაში.
ასევე ნახეთ: 15 სამკაული, 90-იანი წლების საკულტო Haute Couture ჩვენებებიდან
1
ჟაკლინ კენედის საქორწილო კაბა: ამ კაბას ჯერ კიდევ ყველა დროის ყველაზე შთამბეჭდავ საქორწილო კაბად მიიჩნევენ. ფოტო 1953 წელსაა გადაღეული, ჟაკლინისა და ჯონ კენედის ქორწილის დღეს. პატარძალს მხრებზე გადაწეული კაბა ეცვა, გრძელი ვუალით. კაბის ავტორია აფრო-ამერიკული წარმომავლობის დიზაინერი ენ ქოულ ლოუ, რომლის შესახებაც იმ პერიოდში არავინ არაფერი იცოდა და სამწუხარო ისაა, რომ მედიისგან არასდროს მიუღია ისეთი ყურადღება, როგორსაც იმსახურებდა.

2
პრინცესა მარგარეტი Dior-ის სამოსით: სესილ ბითონის მიერ გადაღებულ ლეგენდარულ პორტრეტში პრინცესა მარგარეტს აცვია ნამდვილი პრინცესული კაბა, რომელზეც Dior-ის მოდის სახლმა იზრუნა. ფოტო 1951 წელსაა გადაღებული, როდესაც პრინცესა 21 წლის გახდა და ეს იყო მომენტი, რომელმაც მარგარეტი მოდის ლეგენდად და გავლენიან ქალად აქცია. მოგვიანებით მან თქვა, რომ ეს მისთვის ყველა დროის საუკეთესო კაბაა.

3
პატარა შავი კაბა: მარადიული კლასიკა, რომელიც დღემდე ყველა ქალის გარდერობის აუცილებელი შემადგენელია. მისი შექმნა ლეგენდარული კოკო შანელის სახელთანაა დაკავშირებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ სანამ ეს სამოსი პოპულარობას მოიპოვებდა, Vogue-მ პატარა შავი კაბის სილუეტი თავის ფურცლებზე დაბეჭდა და ქალებს რევოლუციური სამოსი აჩვენა.

4
სმოკინგი: 1966 წელს Yves Saint Laurent-მა ქალს სმოკინგი ჩააცვა და სამოსის იდეალური ვერსია შექმნა. მან მინიმალიზმის, კლასიკისა და ელეგანტურობის იდეალური შერწყმა წარმოგვიდგინა. ეს რევოლუციური სამოსია, რომელმაც შეცვალა მოდა და დროს გაუძლო.

5
ჰოლი ბერი Elie Saab-ის კაბით: ჰოლი ბერისთვის 2001 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონია ბევრი თვალსაზრისითაა დაუვიწყარი. მან ისტორია დაწერა, რადგანაც გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც საუკეთესო მსახიობისთვის მიიღო ოსკარი Monster’s Ball-ში შესრულებული როლისთვის. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გარდა, არასდროს დაგვავიწყდება შინდისფერი სამოსი, გამჭვირვალე და ყვავილებით გაფორმებული ზედა ნაწილით. კაბაზე ლიბანელმა დიზაინერმა, Elie Saab-მა იზრუნა და ეს იყო მომენტი, რომელმაც მას მსოფლიოს მოდის რუკაზე განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა.

6
მარია ანტუანეტა: 1783 წელს მხატვარმა Élisabeth Louise Vigée Le Brun-მა მარია ანტუანეტას პორტრეტი დახატა და კაბა, რომელიც მას პორტრეტზე აცვია, თანამედროვე დიზაინერებისთვისაც კი შთაგონების წყაროა. მარია ანტუანეტა სახელგანთქმული იყო თავისი გემოვნებით. მისი ეს კაბა ბამბის იაფიანი ქსოვილისგანაა დამზადებული. აღნიშნულმა ჩაცმულობამ ბამბის ინდუსტრიის აფეთქება გამოიწვია. გარდა ამისა, მარია ანტუანეტა არისტოკრატი ქალების მრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა, რადგანაც მიიჩნიეს, რომ დედოფალს, ასეთი იაფფასიანი ქსოვილისგან შექმნილი სამოსი არ შეეფერებოდა.

7
დედოფალ ვიქტორიას მეფედ კურთხევის სამოსი: დედოფლის რამდენიმე სამეფო სამოსია ცნობილი თავისი მოსასხამებით, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია ოქროსფერი და მეწამული ფერების ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი სამეფო ტანსაცმელი. სამოსი გაფორმებული იყო ძვირფასეულობით და სიმძიმის გამო, სატარებლად ძალიან რთული გახლდათ.

8
Christian Dior-ის სადებიუტო კოლექცია: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, საფრანგეთში ნამდვილი მოდის აფეთქება მოხდა და Christian Dior-ს ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მოდის სახლმა პარიზში სადებიუტო კოლექცია წარადგინა და ომის შემდგომი ქალების სტილი სრულად გარდაქმნა. ყურადღება მიექცა ქალის სილუეტის, ქალურობისა და სექსუალურობის უფრო მეტ გამოვლენას.

9
ილჰან ომარის ჰიჯაბი: პოლიტიკოს ილჰან ომარამდე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, 181 წლის განავლობაში, ნებისმიერი სახის თავსაბურავის ტარება აკრძალული იყო, თავსახვევად ჩვეულებრივ შარფსაც ვერავინ გაიკეთებდა, თუმცა მან ყველაფერი შეცვალა და ყველას აჩვენა რომ ჰიჯაბი შესაძლოა, მოდური აქსესუარიც კი იყოს. ის კიდევ ერთი ქალია, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია.
