მართალია, გასული წელი მოდის სამყაროსთვის ხმაურით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სწორედ ეს იყო წელი, როცა განსხვავებული და ახალი დიზაინები ვიხილეთ. საზოგადოებამ მოდა შეცვალა, ახლა ყველა ადამიანს საკუთარი სტილი აქვს და სწორედ ეს არის ტრენდული. თუკი ადრე დიზაინერები და მოდის ჟურნალები გვკარნახობდნენ თუ რა იყო ტრენდული, ახლა მოდას ბლოგერები ქმნიან. ერთად ვნახოთ, 2021 წლის მომავალი ტრენდები.
1
დიდი ზომის პიჯაკები: 80-იანი წლების სტილის შთაგონებით განსაკუთრებით ტრენდული იქნება 2021 წელს. ამ სტილის პიჯაკებს Boyfriend Jackets უწოდებენ. მხრის ბალიშები თქვენს ლუქს განსაკუთრებულ ექსტრავაგანტულობას მისცემს. ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ სტილის პიჯაკის მორგება როგორც კლასიკურ, ასევე თავისუფალ სტილზეც შეგიძლიათ.
განსხვავებული ლუქისთვის შეგიძლიათ ის ტყავის შორტებს, ან გაშლილ კლასიკურ შარვალს შეუხამოთ. ფანტაზია თქვენს ხელშია, იყავით თავდაჯერებულები, რადგან ამ პიჯაკისგან შემდგარი ლუქის ცუდად აწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
2
შავი პიბადე: მოდა და სილამაზე კარგია, თუმცა სიფრთხილე არ უნდა დაგვავიწყდეს. ამაში შავი პირბადე არამარტო დაგეხმარებათ, არამედ თქვენს ლუქს მეტად დახვეწილ და მოწესრიგებულ იერს მისცემს.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ. ცნობილმა მოდის ბლოგერმა, ოლივია პალერმომ გასულ წელს პირბადე მოდურ აქსესუარად გარდაქმნა, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შავი ფერი ყველაფერს უხდება. აქცენტი თვალის მაკიაჟზე გააკეთეთ.
3
შარფი, როგორც თმის აქსესუარი: ამ ტრენდის შთაგონება 50-60-იანი წლების სტილიდან მოდის. აბრეშუმის შარფი ნებისმიერ ლუქს დასრულებულ, გლამურულ იერს მისცემს. შარფი შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მოირგოთ, შეიკრათ წინ, ნიკაპთან, ან უკან.
ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ. შეარჩიეთ აბრეშუმის შარფი სასურველი დიზაინით. გახსოვდეთ, რომ წელს ყველაზე ტრენდული მაინც ინდივიდუალიზმია, იყავით გაბედულები.
4
სორბეს პასტელური ფერების პალიტრა: უკვე დიდი ხანია, რაც პასტელური ფერები მოდაში დაბრუნდა, სწორედ ამიტომ უწოდებენ 2021 წლის ახალ ტრენდს „სორბეს ფერებს“. სორბე არის ნაყინის დესერტი, რომელიც უფრო მეტად მკვეთრი ფერებით გამოირჩევა.
როგორც მოდის ბლოგერები გვაფრთხილებენ, ეს ფერი 2021 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი გახდება. განსაკუთრებული აქტუალურობით სარგებლობს პიტნის მსგავსი მწვანე ფერი და ღია იასამნისფერი.
5
ყვითელი ჩანთები: ამ ტრენდმა უკვე დაიპყრო მოდის ჩვენებები და მსოფლიოს მთავარი ქალაქების ქუჩები. შეარჩიეთ ჩანთა თქვენი გემოვნებით ყვითელი ფერის პალიტრიდან. თუ ძალიან ღია და მკვეთრი ფერები არ გიზიდავთ, შეგიძლიათ მდოგვისფერი პალიტრა გამოიყენოთ, ის აქტუალობას არასდროს კარგავს.
მინიმალისტური ლუქის შესაქმნელად ჩანთა შეგიძლიათ ფეხსაცმელს შეუხამოთ, ან უფრო განსხვავებული იერისთვის გირჩევთ ერთ ლუქში 2 ტრენდი გააერთიანოთ და ჩანთას თავსაბურავი შეუსაბამოთ.
6
თეთრი, მუხლამდე ჩექმა: როგორც უკვე ვახსენეთ, 2021 წლის მთავარი ტრენდები სათავეს 60-იანი წლების მოდიდან იღებს და აღნიშნული ტენდენცია ამის ერთ-ერთი დასტურია.
თეთრი, მუხლამდე ჩექმა ბოლო დეკადაში პირველად კვენტინ ტარანტინოს ფილმში, One Upon a Time in Hollywood გამოჩნდა. ფილმის მოქმედება სწორედ 60-იან წლებში ვითარდება. თეთრი ჩექმით მარგო რობის პერსონაჟი გამოჩნდა. მას შემდეგ, მოდის სამყარო ტრენდს ნელ-ნელა შეეჩვია. 2021 წელს კი ეს ფეხსაცმელი კიდევ უფრო აქტუალური იქნება.
7
მუქი კარამელის ფერი: ამ ტრენდის შთაგონების წყაროც 60-იანი წლებია. მოდის ბლოგერები გვირჩევენ, რომ ეს ფერი არა დეტალებში, არამედ უფრო მასიურად გამოვიყენოთ. მაგალითად არჩევანი შევაჩეროთ ასეთი ფერის კოსტუმებზე, ორეულებსა და პალტოებზე.
კარგი ამბავი ის არის, რომ ამ „არომატული“ ფერის სტილშიც შეგიძლიათ 2 მთავარი ტრენდის გაერთიანება. კარამელის ფერი და ყვითელი – იდეალური სინქრონი განსაკუთრებული ეფექტისთვის.
8
ლურჯი დეტალები: ვაგრძელებთ 2021 წლის ტრენდული ფერების განხილვას. კარამელის ფერისგან განსხვავებით, ლურჯი ფერი მხოლოდ დეტალებში უნდა გამოვიყენოთ. მონოქრომული, ერთ ფერში აწყობილი ლუქები გაახალისეთ ლურჯი დეტალებით, იქნება ეს ჩანთა, საყელო, თუ ფეხსაცმელი.
თუმცა გახსოვდეთ, რომ განსაკუთრებული ეფექტისთვის ეს ფერი მინიმალური რაოდენობით უნდა გამოიყენოთ. ლურჯი ფერის მანიკურიც განსაკუთრებული აქტუალობით ისარგებლებს.
9
მოარშიებული ჩანთები: „ჩანთა, სიტყვების ნაცვლად“ – ეს არის ამ ახალი ტრენდის დევიზი. როდესაც განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, მიეცით თქვენს სტილს უფლება ისაუბროს თქვენს მაგივრად.
ასეთი ჩანთის მორგება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუკი სტილის შეცვლა გსურთ და გნებავთ, რომ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდეთ, ეს არის ის, რაც უნდა აირჩიოთ.
10
ტანზე მომდგარი და ამოჭრილი: კიდევ ერთი ტრენდი, რომელსაც პოპულარობა კინოსამყარომ მიანიჭა. თანამედროვე თინეიჯერულმა დრამამ, „ეიფორიამ“ არამარტო მოზარდების, არამედ მაღალი მოდის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო.
ასეთი სტილის სამოსი 2021 წელს ძალიან სექსუალურად მიიჩნევა. ტრადიციული დეკოლტეებისა, თუ მოკლე ტოპების ნაცვლად, ახლა მცირე ზომის ამოჭრილი დეტალებია ტრენდული.