Dolce & Gabbana-მ ბრენდის გლობალურ ელჩად პრინცესა დიანას ძმისშვილი, ლედი კიტი სპენსერი დაასახელა: „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო Dolce & Gabbana-ს ბრენდის გლობალური ელჩი. დომენიკოსა და სტეფანოს შემოქმედებაში ცხოვრების საოცრებების, ოჯახის, სიხარულის, სილამაზის, ფერებისა და სიყვარულის ზეიმია. მათთან მუშაობა ყოველთვის ახალი გამოცდილებაა და უნიკალური შესაძლებლობა, თავიდან აღმოაჩინო იტალიური კულტურა, ხელოვნება და უდარდელობა”, – გვიყვება კიტი სპენსერი ოფიციალურ განცხადებაში.

ბრენდის ისტორიის მანძილზე, Dolce & Gabbana ყოველთვის ეტრფოდა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა და არისტოკრატებს. ბრენდის მდიდრული და დახვეწილი კოლექციების მომხმარებლები იყვნენ და არიან დედოფლები, ჰერცოგინიები და მაღალის საზოგადოების გამორჩეული ქალბატონები. ბაროკოს სტილით შთაგონებული იტალიური სტილი და ბრიტანეთის მდიდარი სამეფო გლამური ყოველთვის იდეალურ თანხვედრას პოულობდნენ Dolce & Gabbana-ს შემოქმედებაში.

ჩვენებების წინა რიგებიდან ლედი კიტი სპენსერმა Dolce & Gabbana-ს პოდიუმზეც გადაინაცვლა. 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენის დროს, კიტი ჩვენებაზე თავის მეგობრებთან – ლედი ამელია უინძორთან, ბლენდფორდის მარკიზასთან და საბერძნეთის პრინცესა მარია-ოლიმპიასთან ერთად გამოვიდა.

„სიხარულით ვეგებებით კიტის ჩვენს დიდ ოჯახში შემოსვლას. მისი ქარიზმა და ნათება ჩვენთვის თავიდანვე თვალშისაცემი იყო. კიტი Dolce & Gabbana-ს სამოსის ინტერპრეტაციას საკუთარი სტილის მიხედვით ახდენს და ეს ყოველთვის სასიამოვნო სანახავია,” – ვკითხულობთ დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას განცხადებაში.