„კარიბის ზღვის მეკობრეებიდან“ დაწყებული, „ანა კარენინათი“ დასრულებული, კირა ნაითლის გმირებმა დაუვიწყარი საეკრანო კოსტუმები მოირგეს, თუმცა მაყურებლის ფავორიტად საკულტო მწვანე კაბა რჩება ფილმიდან „მონანიება“.
ასევე წაიკითხეთ: ლეგენდარული მწვანე კაბები კინოს ისტორიაში

პრივილეგირებული წარმომავლობის სესილიას, რომლის როლსაც ფილმში კირა ნაითლი ასრულებს, მოსამსახურის შვილი, ჯეიმს მაკკევოის გმირი უყვარდება. ზურმუხტისფერი კაბის დებიუტი ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში შედგა, როდესაც შეყვარებულები ფარულად ხვდებიან ერთმანეთს ბიბლიოთეკაში.

დაუვიწყარი კაბის შესაქმნელად ფილმის რეჟისორი ჟაკლინ დურენს დაუკავშირდა. ჟაკლინი არის კოსტუმების დიზაინერი, რომელმაც 2000 წელს, ფილმ „სიამაყე და ცრურწმენას“ გარდერობზე იმუშავა. კაბის შესაქმენლად სამი კრიტერიუმი უნდა გაეთვალისწინებინათ: ის უნდა ყოფილიყო მსუბუქი, გრძელი და მწვანე.

რადგან მოქმედება ზაფხულის ცხელ დღეს ხდებოდა, ის მოღებული და ამავდროულად, დახვეწილი უნდა ყოფილიყო. ჟაკლინ დურენმა შექმნა კაბა, რომელმაც 2008 წელს ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა.
ნოველის მიხედვით, მოქმედება 1935 წელს ხდება. კოსტუმების დიზაინერმა შთაგონება სწორედ ეპოქისთვის სახასიათო სტილისგან აიღო, თუმცა ზურგზე ღრმა ჭრილით, 30-იანი წლებისთვის პროვოკაციული მოდელი შემოგვთავაზა.

ჟაკლინის თამამი გადაწყვეტილების მიუხედავად, კაბა იმდენად უხდებოდა კირა ნაითლის სილუეტს, რომ არა ვულგარული, არამედ არისტოკრატული ვიზუალი მივიღეთ, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა მაყურებლის გონებაში.
