ახალი წლის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად კომპანიების, სხვადასხვა ბრენდების სარეკლამო ვიდეორგოლები იქცა და ის, თუ ვინ უფრო უკეთეს რეკლამას გადაიღებს წინასაახალწლოდ, ერთგვარი მარათონია. ბოლო წლებია, ქართული კომპანიებიც აქტიურად არიან ჩართულები წინასაახალწლო ციებ-ცხელებაში და მოხმარებელს მარკეტინგული თვალსაზრისით, სხვადასხვა საინტერესო წინადადებას, ასევე სარეკლამო ვიდეორგოლებს სთავაზობენ.
საახალწლო რეკლამების თვალსაზრისით, წლების განმავლობაში ლიდერობას არ თმობდა „საქართველოს ბანკი“ და მისი რეკლამის მიმართ ყოველთვის დიდი ინტერესი იყო. ძნელად გაიხსენებთ შემთხვევას, როცა „საქართველოს ბანკის“ რეკლამამ არ გაამართლა. თუმცა თანდათან ბანკს წარმატებული რეკლამის კუთხით საინტერესო კონკურენტები გამოუჩნდა და ლიდერობაში ეცილებიან.
ვნახოთ, როგორ სარეკლამო ვიდეორგოლებს გვთავაზობენ წელს საახალწლოდ კომპანიები:
„არქი“
„არქი“ სარეკლამო ვიდეორგოლით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა, ოჯახის წევრებისადმი ყუარდღების გამოჩენა და რამხელა მნიშვნელობა აქვს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დროის გატარებას.
Phubber
Phubber-ის საახალწლო ვიდეორგოლში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ უნდა გავახაროთ საყვარელი ადამიანები და ვაგრძნობინოთ მათ ჩვენი ყურადღება.
ZOOMMER
„ზუმერის“ წინასაახალწლო ვიდეორგოლი ჯერჯერობით ჩემპიონია. კომპანიამ გადაიღო მუსიკალური ვიდეორგოლი, რომლის ინსპირაციის წყაროც 2020 წელს განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად კი, კორონავირუსის პანდემია გახდა. ვიდეოში რინგზე ვხედავთ კორონავირუსს და მის საბოლო მარცხსაც ვუყურებთ. რეკლამას „ფეისბუქზე“ 49 ათასზე მეტი რეაქცია, 3 ათასზე მეტი კომენტარი, 8 300 გაზიარება და 2,7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
„ალტა“
„ისევ ვიკეტებით, დეჟა ვუ“ – ასე იუმორისტულად ეხმაურება „ალტა“ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას. შემდეგ კი, ასევე იუმორის დახმარებით გვამოგზაურებს გასული წლის ჩაშლილ გეგმებსა და გაცრუებულ იმედებში.
KFC საქართველო
KFC-ის საახალწლო რეკლამა სახალისოა. „ქათმით ახალ წელს“, ასე ჰქვია კომპანიის ვიდეორგოლს, რომლითაც მომხმარებელს დამდეგ ხარის წელს ულოცავენ.