თბილისში მხოლოდ ერთი სახელოვნებო სივრცის არჩევა რომ მომთხოვოთ, ეს აუცილებლად პატარა გალერეა იქნებოდა. იმიტომ რომ ასეთი გულწრფელობით, შემართებითა და დაუოკებელი ენთუზიაზმით არამგონია კიდევ რამე კეთდებოდეს ქართულ სახელოვნებო სივრცეში, ყოველ შემთხვევაში ვიზუალურ ხელოვნებაში.
პატარა გალერეა ყველა დამკვიდრებულ ჩარჩოსა თუ სტერეოტიპს არღვევს – იგი თავიდან რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშაში მდებარეობდა, ახლა ვაკის პარკის მიწისქვეშაშია და მასპინძლობს ახალგაზრდა ხელოვანებს – ხშირად მათ პირველ შოუებს, ახალისებს და მხარს უჭერს ყველანაირ ექსპერიმენტაციას.
გალერეა ორმა მეგობარმა, გრაფიკულმა დიზაინერმა ნატა ყიფიანმა და ხელოვანმა და კურატორმა, გვანცა ჯიშკარიანმა წამოიწყეს. გვანცას თქმით, მას, როგორც ხელოვანს ყოველთვის აკლდა სივრცე, სადაც შეძლებდა ექსპერიმენტის ჩატარებას და იმ პროექტების შექმნას, რომელიც შეცდომას და წარუმატებელ შედეგს აიტანდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სხვა ხელოვანებისთვის შეექმნა ასეთი პირობები.
გალერეას სახელი მისი პირველი ლოკაციის გამო დაერქვა. პირველი სივრცე 1.75×2 მეტრზე იყო. ამ მართლაც პატარამ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანმა ინიციატივამ 30-მდე ხელოვანს მისცა თავისი ნამუშევრების გამოფენის შესაძლებლობა. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა უცხოელ ხელოვანსაც.

ჩაატარა სოლო გამოფენები, ინსტალაციები, პერფორმანსები, ფილმის ჩვენებები და კონცერტებიც; პატარა ვენაშიც კი ტელეპორტირდა და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში წარმოადგინა თავისი სივრცე; იმოგზაურა სხვადასხვა სახელოვნებო ბაზრობებზე, მათ შორის შვედეთსა და ათენში.
გარშემო ყველას დაგვანახა, რომ მთავარია იდეა და მისი უპირობო რწმენა, მერე კი ყველაფერი გამოვა.
წელს, პატარა გალერეა ცოტათი გაიზარდა, როგორც ზომაში ასევე ვფიქრობ ხარისხშიც. პირველი გამოფენა ახალ ლოკაციაზე საზეიმო სადილი გახდა, რომელიც ინგლისელმა მზარეულმა და ხელოვანმა – იაგო რაქმანმა მოამზადა და დამთვალიერებელს უმასპინძლა. შედეგად, სრულიად ჯადოსნური საღამო გამოვიდა; „პატარამ“, კიდევ ერთხელ გააღო კარი და მის ერთგულ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
ცოტა ხნის წინ გაიხსნა გამოფენა სახელად „ორი უტოპია სამი სკულპტურით ანგელოზების შესახებ“ – გიორგი თარგამაძისა და ჟენევიევ გოფმანის ნამუშევრებით, გვანცა ჯიშკარიანისა და დავით აფაკიძის კურატორობით.
გამოფენის პრეს რელიზში ვკითხულობთ: „გიორგი თარგამაძისა და ჟენევიენ გოფმანის ნამუშევრები ერთი შეხედვით, ცოტა რამით თუ უკავშირდება ერთმანეთს… მაგრამ ორივეს შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ხაზად შეიძლება ის სინთეზი ჩავთვალოთ, რომელშიც ორივე მხატვარი საწყის წერტილად ადამიანის ხელით შექმნილ ხელოვნურ მასალებსა თუ სიმბოლოებს იყენებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ აშენებული კულტურისა და კლასიკური პროგრესის ნაწილია, ადამიანის მიერაა შექმნილი და დროსთან ერთად დაიშლება, გადაგვარდება, ან გაქრება საერთოდ: იქნება ეს საწოლი, სასახლე, საფრენი ობიექტი თუ დანადგარებზე წარმოებული მეტალის ფურცლები”.

„მათ ამ მასალებზე მარადიული გამოსახულებები დააქვთ: გიორგი მეტალის ფირფიტებზე რომლებიც ქარხნული ქმნილებაა, სტილიზებულ მცენარეებს გვიხატავს რომლებიც თითქოს იჭრებიან იმ მანქანურ, სტერილურ სივრცეში რომლებშიც შექმნილია ეს ფირფიტები“.
„ჟენევიენთან ეს შეჭრა უფრო მკვეთრად ჩანს. მის ერთ-ერთ ნამუშევარში შუა საუკუნეების კლასიკური ციხესიმაგრის მოდელს კატა ხლეჩს, ეპატრონება მის ნანგრევებს. ის თითქოს აცამტვერებს დასავლური არქიტექტურის კლასიკური ძალაუფლებისა და სტაბილურობის სიმბოლოს და ამით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად კულტურული ფასეულობების ვალიდურობასა და ვარგისობას ჩვენს ეპოქაში“.
ვიზუალურად გამოფენა, ისევე როგორც ცალკეული ნამუშევრები ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით სასიამოვნოა და აკლია თბილისს ასეთი გამოფენები, სადაც თანამედროვე გამოხატვის ხერხებით ხელოვანები ტრადიციულ თემებს უკეთებენ ინტერპრეტირებას.
ასევე გასახარია უცხოელი ხელოვანის ნამუშევრების დათვალიერება თბილისში, რაც სამწუხაროდ იშვიათად ხდება. არადა ხელოვანისთვის და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საზოგადოების და სხვა რეალობის წარმომადგენელი ხელოვანის მიერ შექმნილი ნამუშევრების ნახვა.

ჟენევიევ გოფმანის ნამუშევრები ზუსტად ასეთი კონტრასტია ქართული სახელოვნებო სივრცისთვის – მისი სკულპტურები 3D დაპრინტვის ტექნოლოგიით არის შექმნილი და განიხილავენ ისეთ ფუნდამენტალურ ცნებებს, როგორიცაა უტოპიური აზროვნება, კომუნიზმის პოტენციური მომავალი, ბირთვული ფიზიკისა და რადიაციის ისტორია. მას იეილის უნივერსიტეტის სახელოვნებო სკოლის (Yale School of Art) მაგისტრის ხარისხი აქვს.
ჩემთვის, ძალიან საგულისხმოა თუ როგორ მოხდა ჟენევიევის ნამუშევრები პატარაში. გვანცას სოლო შოუ ჰქონდა ბრიუსელში, Balloon Rouge-ში, საიდანაც მისი შემოქმდების შესახებ გაიგო ჟენევიევმა და ასე გაიცნეს ერთმანეთი. შემდეგ, გვანცამ დაპატიჟა იგი თბილისში გამოსაფენად.
ეს არის ის, რაც პირადად მე ძალიან მიყვარს პატარა გალერეაში – ის, რომ ასეთი ცოცხალი ორგანიზმია და რომ მასსა და გვანცას შორის პრაქტიკულად განსხვავება არ არის.
გვანცაც ასე უპირობოდ ცურავს ცხოვრებაში მდინარის საპირისპიროდ და გზად ათას სტერეოტიპსა თუ წინაღობას ანადგურებს.