როგორც ხელოვანმა თეა გვეტაძემ ერთხელ თქვა, ლისა ოფერმანი თბილისში სიყვარულმა ჩამოიყვანა. შემდეგ, როგორც თბილისს სჩვევია, მოაჯადოვა და თავი ისე შეაყვარა, რომ გადაწყვიტა თბილისში გალერეა გაეხსნა და ადგილობრივი სცენისთვის არაერთი დაუვიწყარი გამოფენა და ხელოვანი წარედგინა.

ფოტო ლორენა მუნოზ-ალონსო, THE ART NEWSPAPER
გალერეის ორწლიანი არსებობის განმავლობაში, LC-QUEISSER-მა ითანამშრომლა ქართველ ხელოვანებთან, წარადგინა ისინი საერთაშორისო პლატფორმებზე და რეზიდენციის პროგრამის ფარგლებში, უცხოელი ხელოვანები თბილისში მოიწვია.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შოუ, რომელსაც გალერეამ თბილისში უმასპინძლა, ახლა მიმდინარეობს – ფოტოგრაფ ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის სოლო გამოფენა საქართველოში. ქეთუთა 13 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა და ეს მისი პირველი სოლო შოუა მშობლიურ ქალაქში.

Archival pigment print, 31.4 × 39.01 cm
გამოფენას „Boiled Language”, ანუ „მოხარშული ენა” ჰქვია და ერთ-ერთი რესტორნის მენიუში არასწორად ნათარგმნი კერძის იმ სახელიდან მოდის, რომლის გამოც, როგორც ხელოვანი იხსენებს, მოზარდობის დროს ბევრს ერთობოდნენ. მაგრამ უფრო სერიოზულ ჭრილში თუ განვიხილავთ, გამოფენა თარგმნის პრაქტიკის სირთულესა და ერთგვარ შეუძლებლობას ეხმიანება, როგორც სალაპარაკო, ასევე ვიზუალურ ენაში. ეს საკითხი ალბათ, განსაკუთრებით ახლოა ხელოვანისთვის, რომელსაც რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში უცხოვრია და სხვადასხვა ენაზე უფიქრია. ასევე აქტუალურია ფოტოგრაფიაზე საუბრის დროსაც. ფოტოც ხომ თითქოს ფიზიკური სამყაროს ერთგვარი თარგმანია, მაგრამ რამდენი იკარგება და ქრება და რამდენი ახალი განზომილება ჩნდება როგორც კი თითს ღილაკს ვაჭერთ?!

Archival pigment print, Framed: 54,7 x 44,8 cm
ქეთუთას ფაქიზი და მომაჯადოებელი ფოტოები ერთი დიდი გამოცანაა – პირვანდელ კომპოზიციას ნახევრად გამჭირვალე ფენები ერთმანეთზე ედება, ჰაეროვანი ფერების გრადაციები, ფორმები და ნაკაწრები ხშირად ბანალურ ობიექტებს ენიგმატურ ქიმერებად აქცევს და დამთვალიერებელმა თავად უნდა ამოხსნას გამოცანები, რასაც ხელოვანი თხზავს.

გამოფენაზე მოსახვედრად უნდა იპოვოთ გალერეა, რომელიც ასევე ერთგვარი გამოცანაა. წინამძღვრიშვილის ულამაზეს ქუჩაზე, ანტიკვარების მაღაზიებს შორის ჩამალულ, ერთ-ერთ ძველებურ საცხოვრებელ სახლში გალერეა LC-QUEISSER იმალება. ძველი ხის კიბეების ავლისას უცებ ნამდვილ ევროპულ ექსპოზიციაზე ვხვდებით, რაც სუფთა ჰაერივით არის ლოკალური სახელოვნებო სცენისთვის.

პირველი რასაც ვხედავთ, ქეთუთას ხელწერად ქცეული მწვანეში და ლურჯში გარდამავალი ნამუშევრებია, რომელზეც პერიოდულად თავს უნდა შევახსენოთ, რომ ფოტოა და არა აბსტრაქტული ნახატები. ოთახის ბოლოში, ფერებისა და ტონებში ჩაკარგული ღიმილი ჩნდება, რომელიც ჩეშირის კატასავით ეგებება დამთვალიერებელს.

მე შენი ნაჭერი ვარ 2020, Archival pigment print, 138 × 110 cm
უზარმაზარი ფოტოები, სადაც სილურჯის ფენები ერთმანეთს ედება და ნაზ, მისტიკურ და ამოუცნობ ზედაპირებს აკეთებს, უცებ დაკაწრულია და ამ ნაკაწრით გულის ფორმა იხაზება. ეს გამოფენა ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხელოვანი ასათაურებს ნამუშევარს და ორივე ენაზე თარგმნის – “I am your Slice” ან “მე შენი ნაჭერი ვარ”. აქაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, თუ რამდენი შეიძლება დაიკარგოს, როდესაც სიტყვებით ვცდილობთ გრძნობების არტიკულირებას. ეს ერთობ აგრესიული ჟესტი და მისი კონტრასტი მშვიდ და ლამაზ სილურჯესთან თითქოს ზუსტად აღწერს იმ ტკივილს და ურთიერთგამომრიცხაობას, რასაც სიყვარული ქვია.

ხელოვანი იკვლევს და ექსპერიმენტებს ატარებს ფოტოგრაფიის პროცესის შესაძლებლობებსა და ლიმიტებზე. იგი ჯერ სახელოსნოში აწყობს კომპოზიციებს, რომელსაც ფირზე იღებს, შემდეგ ციფრულად, ან პირდაპირ ფირს ამუშავებს ისე, რომ ხშირად საწყისი ობიექტი ამოუცნობი ხდება. ხანდახან ფოტოაპარატს საერთოდ არ ხმარობს და ფოტოგრამებს აკეთებს. ასე შეიქმნა გამოფენაზე წარმოდგენილი ფარდები, რომელიც კიდევ ერთი დასტურია, თუ რა ლიმიტებამდე მიჰყავს ხელოვანს ფოტოგრაფია. წარმოდგენილი ფარდების შესაქმნელად ქეთუთამ გამოიყენა პარკები, რომლებზეც ტრადიციული ორნამენტია დატანილი და ხშირად სუვენირების მაღაზიებში გვხვდება.

თეატრალურობა, რომელიც ფარდას დაჰყვება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელოვანი ძალიან გრძელ ფარდას წარმოადგენს, ან მთელ საგამოფენო სივრცეს ფარდაში მოსავს, ალბათ ერთგვარი გადაძახილია მამამისის, თეატრის მხატვარ გიორგი ალექსი-მესხიშვილის პროფესიასთან. ის ინტრიგა და იდუმალება, რაც სანახაობის მოლოდინში, სცენაზე ჩამოშვებული ფარდის ყურებისას ეუფლება მაყურებელს, ერთგვარად გადათამაშებულია ქეთუთას ფარდებზე.

ფოტოგრაფიაში შუქს გადამწყვეტი როლი უკავია. იქიდან გამომდინარე, თუ რა განათებაზეა გადაღებული კადრი, ეს კარნახობს და ადგენს ყველაფერს, იმასაც კი, თუ რამდენი მანიპულირების საშუალება. ქეთუთას ფარდები თითქოს ფიზიკური დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათება ფოტოსთვის, იქნება ეს მზის შუქი თუ ნათურა. გალერეაში, ფანჯრებზე ჩამოშვებული, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად ჩანს ეს უძირო ფერთა მასა, თითქოს რაღაც ბლანტი სითხე, რომელშიც ობიექტი იძირება.

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის შემოქმედების თბილისსში ჩვენება, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის იმ რამდენიმე ხელოვანს შორისაა, რომელთა ნამუშევრების გამოფენაც დასავლეთში ეწყობა. ჩვენ კი, მხოლოდ ონლაინ გვეძლევა შესაძლებლობა გავეცნოთ მათ უაღრესად საინტერესო შემოქმედებას. გარდა ამისა, ლოკალურად ფოტოგრაფიას გრძელი ტრადიცია აქვს, თუმცა მაინც ძირითადად უფრო დოკუმენტური ფოტოგრაფიის პრაქტიკა არის განვითარებული. ამიტომ მნიშვნელოვანია თანამედროვე, კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ჩვენება, რომელიც არ უშინდება სუბიექტურობას და ექსპერიმენტებს.