ჰაინრიხ ბიოლის ფონდისა და გამომცემლობა „ზოლიანი კატის“ თანამშრომლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. წიგნის „50 ქალი საქართველოდან“ საბავშვო ვერსიისთვის ინფორმაციული ტექსტების მომზადებას მარიამ ჭანჭალეიშვილი შეუდგა. ერთმა უნიჭიერესმა გოგომ, სალი ნიკოლაიშვილმა კი ილუსტრაციების შექმნა დაიწყო და საოცრად ღვაწლმოსილი ქალები სრულიად სხვა კუთხით დაგვანახა.

Regarder-ი ამ შესანიშნავ პროექტზე სალი ნიკოლაიშვილს ესაუბრა: „მახსოვს რამდენად აღფრთოვანებული და ამაყი ვისმენდი ისტორიას, 1918 წელს, პირველი მოწვევის პარლამენტში მონაწილე ქალების შესახებ და სინდისი მქენჯნიდა, იმიტომ, რომ მათ შესახებ აქამდე არ მქონდა გაგონილი.

სინდისის ქენჯნის გრძნობა წლების შემდეგ კიდევ ბევრჯერ გამიმეორდა და ერთ დღესაც, ბარათების კრებულად წარმომიდგა თვალწინ, რომელიც თავისუფლებისთვის, ქალთა უფლებებისა და ცვლილებებისთვის მებრძოლ 50 ქართველ თუ უცხოელ ქალს გააერთიანებდა“.

„როდესაც გავიგე, რომ ამ საოცარი ისტორიების ადაპტირებული ვერსია მოზარდებისთვის იქმნება, მადლიერების გრძობით აღვივსე. ახალგაზრდა თაობის გოგო-ბიჭები აღარასოდეს იგრძნობენ თავს შერცხვენილად იმის გამო, რომ მარო მაყაშვილის, ელენე დარიანის, ნინო ჯორჯაძის, ნინო ტყეშელაშვილისა და სხვათა სახელები დროულად ვერ შეიტყვეს“.
„მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო. ინდივიდუალურად მივუდექი ყველა პერსონაჟს. ვეძებდი ყველა ხელჩასაჭიდს, სადაც მათი ხასიათი უფრო მკაფიოდ გამოჩნდებოდა“.
სალი ნიკოლაიშვილი

ყოველი ჯადოსნური ილუსტრაციის შექმნას, წინ ხანგრძლივი პროცესი ახლდა. ჯერ იყო ფიქრი, შემდეგ ბიოგრაფიების, მიღწევებისა და შემოქმედების მეორედ, მესამედ და ასე დაუსრულებლად გაცნობა, ბოლოს კი, პიროვნებების ილუსტრაციებში გადმოცემა.
„ამ პროექტმა უფრო მეტად დამარწმუნა იმაში, თუ რამხელა ძალა გააჩნდათ იმ ქალბატონებს, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი კვალი დატოვეს“.
სალი ნიკოლაიშვილი

კითხვაზე, თუ როგორ შეძლო ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის თავის ასე ოსტატურად გართმევა, კითხვითვე გვპასუხობს: „შევძელი?”. ბოლომდე დარწმუნებული არაა საკუთარ თავში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იცის, თითოეულ პერსონაჟზე მუშაობამ შინაგანად გააძლიერა. მოტივაციას კი ის ქალები სძენდნენ, რომლებსაც ათასგვარი ფერით, განწყობითა და ემოციით აცოცხლებდა ფურცლებზე.

წიგნი დასაბეჭდად დეკემბერში გაიგზავნება და რამდენიმე თვეში, მისი გადაფურცვლის შესაძლებლობაც მოგვეცემა.
