ბრიტანული გამოცემა The Guardian 2020 წლის 50 საუკეთესო ფილმს აქვეყნებს, რომელშიც ქართულ-შვედური ნამუშევარი, And Then We Danced („და ჩვენ ვიცეკვეთ“) მოხვდა. გახმაურებული კინოსურათი რჩეული ფილმების სიაში 26-ე ადგილს იკავებს. „ფილმი ორ მამაკაც მოცეკვავეზე მოგვითხრობს, რომელთა საიდუმლო ურთიერთობაც ტრადიციული ქართული ცეკვის ულტრაკონსერვატიულ სამყაროში ვითარდება“, – წერს გამოცემა.
ასევე წაიკითხეთ: „და ჩვენ ვიცეკვეთ” – ოდა ქართულ ცეკვას და თბილისი, როგორც მთავარი პერსონაჟი
მართალია, The Guardian-მა ქართულ-შვედური ნამუშევარი 2020 წლის საუკეთესო ფილმებში შეიყვანა, თუმცა რეალურად, მისი პრემიერა ჯერ კიდევ 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე შედგა და სურათის მოგზაურობაც წარმატების სამყაროში ამ პერიოდიდან დაიწყო.

ფილმი შვედეთის მთავარი კინოფესტივალის, Guldbagge Award 2020-ის გამარჯვებულია. მასში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები, ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, გიორგი წერეთელი, ანა ჯავახიშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ლევან გელბახიანი 2019 წელს კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელეს.

წლის დასაწყისში, BBC-მ იმ 10 ფილმის სია გამოაქვეყნა, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ თებერვლის თვეში. მათ შორის, ქართულ-შვედური ფილმიც „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოხვდა.