ყველასთვის ნაცნობ და მსოფლიოში პოპულარულ სთრიმინგ სერვისზე Netflix-ზე რეზო გაბრიაძის ანიმაცია სახელად Rezo დაიდო. ანიმაციური ფილმის ავტორი და მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა, ხოლო რეჟისორი მისი ვაჟიშვილი, ლევან გაბრიაძე.
რეზო გაბრიაძე ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალია. კარიერის განმავლობაში მან 40-ზე მეტ ფილმზე იმუშავა. სწორედ მისი სცენარის მიხედვით არის გადაღებული ისეთი ცნობილი ქართული ფილმები როგორებიცაა: „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“ და სხვა.

მისი ვაჟი, ლევან გაბრიაძე რუსეთში მოღვაწე წარმატებული კინორეჟისორია. მას გადაღებული აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული საახალწლო ფილმი „Ёлки“ და ამერიკული ფილმი Unfriended, რომელმაც მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.
Rezo-ს სურათის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ქუთაისში ვითარდება, მთავარი გმირი კი თავად რეზო გაბრიაძეა – 9 წლის არნახული ფანტაზიის მქონე ბავშვი. რეზო გაბრიაძის ფილმი Rezo ოსკარის შორტ ლისთშიც მოხვდა, თუმცა საბოლოო ხუთეულში ადგილი ვერ დაიკავა.

„Rezo არის ფილმი, რომელშიც სცენარისტიც და მხატვარიც თავად რეზო გაბრიაძეა. ეს არის ავტობიოგრაფიული, ანიმაციური დოკუმენტალური ფილმი, რომელიც გვაფიქრებს ადამიანობაზე, სიკეთესა და ურთიერთგაგებაზე ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც მეორე მსოფლიო ომი იყო” – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ფილმის ხილვა უკვე შესაძლებელია სთრიმინგ სერვის Netflix-ზე.