ქერი ბრედშოუ შეგვიძლია თამამად მოვიხსენიოთ, როგორც სარა ჯესიკა პარკერის სამსახიობო კარიერის მთავარი როლი. ეს ლეგენდარული ეკრანული გმირი დღემდე ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა და მას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არაერთი ქალი ჰბაძავს.
საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ მალე ახალი სეზონით დაუბრუნდება ეკრანს და მონატრებული ქერი ბრედშოუს ახალ თავგადასავლებსაც ვიხილავთ. მანამდე კი თვალი გადავავლოთ მის საუკეთესო ვარცხნილობებს სერიალის ძველი სეზონებიდან.
ასევე ნახეთ: 7 რამ, რაც ქერი ბრედშოუმ გვასწავლა Sex and the City.

1. ამ ვარცხნილობის გარეშე ქერი ბრედშოუს წარმოდგენა შეუძლებელია. გაშლილ, მასიურ ხვეულ თმას პერსონაჟი მრავალი სეზონის განმავლობაში ირგებდა.
© HBO

2. კიდევ ერთი, საკულტო ვარცხნილობის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი, რომელიც თავს მეორე-მესამე სეზონების განმავლობაში იჩენდა.
© HBO

3. აწეული, ნახევრად შეკრული კუდი. ასეთი ვარცხნილობა შეგიძლიათ გაიმეოროთ როგორც ხვეულ, ასევე სწორ თმაზე. შეეცადეთ, განსაკუთრებული ეფექტისთვის ამ ვარცხნილობას თანამედროვე, კლასიკური სამოსი შეუხამოთ.
© HBO

4. ქერი ბრედშოუც ქალბატონების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის მიხედვით ვარცხნილობას იცვლიან, იქნება ეს რჩეულთან განშორება, კარიერული მარცხი თუ სხვა.
© HBO

5. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ვარცხნილობის ცვლილება ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას ნიშნავს. სერიალის მე-4 სეზონში ქერი სრულიად განსხვავებული იერით გვიბრუნდება. სწორედ ეს სეზონი ხდება ქერის კარიერისთვის ყველაზე წარმატებული. ის Vogue-ში იწყებს მუშაობას, საკუთარ საავტორო წიგნს გამოუშვებს და პირადი ცხოვრების დალაგებას ცდილობს.
© HBO

6. თავად ქერის აზრით, ეს მისი ყველაზე ცუდი ლუქია. მეტიც, როდესაც ის თავის რჩეულს ქუჩაში დაინახავს, გარბის, რადგან ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა დაუშვებლად მიაჩნია. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მოწესრიგებული ვარცხნილობა და თმის აქსესუარები ყველაზე ცუდ ლუქსაც თავისებურ ხიბლს აძლევს.
© HBO

7. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ თავსაბურავს შეუძლია თქვენი ლუქი უკეთესობისკენ შეცვალოს და მას განსხვავებული ელფერი მისცეს. კადრი ქერის ზაფხულის დღიურებიდანაა.
© HBO

8. თუკი თქვენც სერიალის დიდი გულშემატკივარი ხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ზაფხული ქერისთვის ყოველთვის განსაკუთრებით გლამურულია. ამ სეზონზე ის ხშირად იცვლის სტილსა თუ ვარცხნილობას. ასეთი ლუქი შეარჩია ქერიმ თავისი მეგობრის წვეულებისთვის გეი კლუბში.
© HBO

9. ზაფხული, რუჯი და ბუნებრივი ხვეული თმა.
© HBO

10. ქერი რომ ორიგინალური, ექსტრავაგანტული სტილით გამოირჩევა ეს უკვე ყველამ ვიცით. ასეთი განსხვავებული ვარცხნილობა შეარჩია სერიალის ვარსკვლავმა ქორწილის დღისთვის.
© HBO

11. ეს კი, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თუ ცხოვრებაში კარგად არაფერი მიდის, ვარცხნილობის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ ქერი საკულტო ქერა ფერის თმას მას შემდეგ დაემშვიდობა, რაც ცხოვრების სიყვარულს გაშორდა.
© HBO

12. და ბოლოს, ასეთი ვარცხნილობით დაგვიბრუნდა ქერი ეკრანებზე წლების შემდეგ, „სექსი დიდ ქალაქშის“ ფილმში. საინტერესოა, როგორი იერით დაბრუნდება ის სერიალის ახალ სეზონში.
© HBO