რა ხდება მაშინ, როცა საქართველოში იბადები და ყველაფერი, რასაც გრძნობ, აკრძალულია? – გრძნობ, მაგრამ არ უნდა გრძნობდე. განიცდი, მაგრამ არ უნდა განიცდიდე. ბედავ, მაგრამ არ უნდა ბედავდე. გინდა, მაგრამ არ უნდა გინდოდეს.
ლევან აკინმა, ალბათ, თავიდანვე იცოდა, რომ თავისი ნამუშევრით საქართველოს დიდ ნაწილს ააფორიაქებდა, თუმცა, იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ კინოთეატრის ყველა სეანსი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდებოდა და დარჩებოდა მხოლოდ ერთი – „და ჩვენ ვიცეკვეთ“…
თბილისი, როგორც მთავარი პერსონაჟი
თბილისში ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის. გათენება იწყება ნაცნობი ხმით: “მალინა, მალინააა!“, რომელსაც შიგადაშიგ მაწონი ანაცვლებს. იტალიურ ეზოში, ტრადიციულად, ერთი ცნობისმოყვარე ადამიანი მაინც არის, ვისაც ყოველთვის ღვიძავს და მეზობლებზე უკეთ იცის, მათ ოჯახებში რა ხდება – ვინ მოვიდა გვიან, ვინ მოაცილა სიმპათიურმა ახალგაზრდამ, ვინ დააორსულა გოგო, რატომ ჩაუჭრეს ვიღაცას შუქი და რატომ ჩხუბობენ კედლის მიღმა მცხოვრები დედა-შვილი. აქ ბებიებს სუპერძალები აქვთ და შვილიშვილებს ყველაზე უანგარო სიყვარულით ანებივრებენ.

ეზოში ხეივანია – იმის ნიშნად, რომ ჩვენთან ვაზი ყველაზე მტვრიან ქალაქშიც კი ხარობს. ქუჩებში შოთის სუნია, რომელიც განსაკუთრებულად გეგემრიელება მაშინ, როცა ღამისთევის შემდეგ სახლისაკენ მშიერი მიდიხარ და დილაუთენია გამოსულ მეეზოვეს ხვდები.
ყვითელი ავტობუსი სავსეა ერთმანეთის პირად სივრცეში შეჭრილი ადამიანებით, რომლებიც მზად არიან, ყველა მოძრაობაზე შეწუხდნენ და შენიშვნა მოგცენ, მაგრამ თან დედობრივი მზრუნველობაც გამოავლინონ.

რესტორანში ყველაფერი ისეა, როგორც ამწუთას გაიფიქრე – ბევრი ხინკალი, იმერული ხაჭაპური, დაქცეული ღვინო, ბევრი შარი და ცოტა გასამრჯელო. თუმცა, ტრადიციულ რესტორანთან ერთად, მთელი თავისი ხასიათითაა ნაჩვენები თბილისის ორი სავიზიტო ბარათიც – „ბასიანი“ და Success Bar-ი.
აქ უკვე ხვდები, რომ ეს ქალაქი არ არის მხოლოდ მოქეიფე, ღიპმოზრდილი მამაკაცებისთვის, რომლებიც საქართველოს სადღეგრძელოს დალევის მიზეზად იყენებენ. ეს არის ქალაქი, სადაც ერთმანეთის პარალელურად არსებობენ: „მაჭახელა“ და „ბასიანი“, მაწონი და მალინა, სიმდიდრე და გაჭირვება, ცირკი და ეკლესია, ლექსი და სექსი, შუქი და უშუქობა, სინათლე და სიბნელე…

ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, მაყურებლებს იმედი გაუცრუვდათ – „გეი პორნოს“ ნაცვლად, როგორც მას „ქართველობის დამცველები“ ახასიათებდნენ, „შერჩათ“ ბოლო დროის ყველაზე ლამაზი, თბილი და სიყვარულით სავსე სურათი, რომელიც გვიყვება ნამდვილ ამბავს თბილისზე – ქალაქზე, სადაც ინგლისიდან ჩამოტანილ „მარლბოროს“ სხვანაირი გემო აქვს; ქალაქზე, რომელიც სავსეა კონტრასტებით, ტრადიციებით, სიახლოვით, გაჭირვებითა და სიყვარულით; ქალაქზე, რომელიც ფილმში ყველაზე ლამაზი, მთავარი და მნიშვნელოვანი პერსონაჟია.
ოდა ქართულ ცეკვას
მნიშვნელობა არ აქვს, ქართულ ცეკვაზე ძალით დადიოდი, საკუთარი სურვილით თუ ქორწილებში ხელის გასაშლელად – პირველი, რაც ამ ფილმის ყურების შემდეგ უსაშველოდ გინდება, ქართულად ცეკვაა. ზოგადად, სცენაზე სინქრონულად დადგმული საცეკვაო ნომრები ისედაც ემოციურია ხოლმე, მაგრამ სულ სხვაა, როცა დიდი ეკრანიდან თითოეული მოძრაობის, თითოეული მანევრის ძალას მთელი სხეულით შეიგრძნობ; როცა სისხლის ადუღებამდე გინდა, შენც იცოდე ერთი-ორი ძლიერი ილეთი, რომ ის ემოციები გამოხატო, რომლებსაც სიტყვებით ვერასოდეს გადმოსცემ. სულ სხვაა, როცა ხედავ, რამხელა ტკივილი, სიყვარული, პროტესტი, სიხარული და ბრაზი შეიძლება დაიტიოს თითოეულმა ნაბიჯმა.

„ქართული ცეკვა მარტო ილეთი არ არის – ეს ჩვენი გენის ყივილია,“ – მკაცრად ამბობს ცეკვის მასწავლებელი, მაგრამ მის ნათქვამს მხოლოდ მაშინ გრძნობ, როცა მერაბი და ირაკლი კინტაურს ან რაჭულს ცეკვავენ. მათი ცეკვა არ არის სტანდარტული ნომერი, რომელიც მხოლოდ დღის ბოლომდე გახსოვს. მათი ცეკვა არის ის, რაც მთელ სხეულში გივლის, სისხლს გიდუღებს, გულისცემას გიჩქარებს, თმას ყალყზე გიყენებს და მთელი არსებით გაგრძნობინებს, რას ნიშნავს სინამდვილეში ზემოთ ხსენებული „გენის ყივილი“.

ის, რომ ლევან აკინმა ქართულ ცეკვას უკვდავი ოდა მიუძღვნა, თავიდანვე ჩანს – როცა ფილმი ქართული ცეკვის დოკუმენტური კადრებით იწყება. არ ვიცი, რა გაუკეთებიათ კინოთეატრებთან ქვებით შეიარაღებულ “ვაჟკაცებს” იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის საქართველო საინტერესო კუთხით გაეცნოთ, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ რეჟისორმა ყველაფერი სცადა, უცხოელ კინომოყვარულებს სახლში მისვლისთანავე საქართველო ან თბილისი რომ მოეძიებინათ და ჩვენს ქვეყანაზე ოდნავ უფრო მეტი გაეგოთ.

რა შეგვიძლია ვთქვათ მერაბის ბოლო ცეკვაზე? – მხოლოდ ის, რომ ჰომოფობიური ნიშნების მქონე მასწავლებელი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ქართულ ცეკვაში სინაზის ადგილი არ არის“, ძალიან ცდება და მგონი, ეს თავადაც იცის. ქართულ ცეკვაში მთავარია სულისკვეთება, ემოცია და სიმართლე, რომელიც სექსუალური ორიენტაციით ვერასოდეს გაიზომება. ქართული ცეკვა არის ენა, რომელზეც მხოლოდ ისინი საუბრობენ, ვისაც სიყვარულის, თავდადების, ემოციის, ოცნების, ბრძოლისა და უკეთესი მომავლის სწამთ.

ცანგალა და გოგონა
ლევან აკინის საოსკარედ გამზადებულ ნამუშევარში ქართული პრობლემები „ცანგალა და გოგონას“ ფონზე ვითარდება. „საზღვრები ისევ გადმოწიეს“, „შუქი ისევ ჩაგვიჭრეს“, „მოცეკვავე იყო და ახლა ელიავაზე მუშაობს“, „ოჯახს უჭირს და შვილს ფეხებზე ჰკიდია“, „მუშაობს, მაგრამ მობილურის ბალანსის შესავსები 1 ლარი მაინც პრობლემაა“, „ცოლად მოჰყავს იმიტომ, რომ დაორსულდა“, „ქორწილში დათვრა და იჩხუბა იმიტომ, რომ შეაგინეს“, – რომელიმე ხომ არ გეცნობათ? თითქმის ორსაათიან ფილმში წარმოუდგენლად ბევრი პრობლემაა ჩატეული – თითქმის ყველა, რაც გვაქვს. თუმცა, მათი სიმძიმე და იუმორი ისეა დაბალანსებული, რომ ვერც კი ხვდები, ისე იწყებ სიცილს მაშინ, როცა მზად ხარ, გულამომჯდარმა იტირო.

მუსიკალური გაფორმება ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მოულოდნელობაა, რაც ზვიად მღებრიშვილისა და ბენ უილერის დამსახურებაა. აქ ყველაფერს მოისმენთ, რაც ქართულია – საცეკვაო მუსიკით დაწყებული, DRO-ს ცნობილი სიმღერებით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ABBA-სა და Kite-ის ნოსტალგიურ მელოდიებზე. მთელ სიუჟეტს ფონად მიჰყვება ქართული ლექსები და სადღეგრძელოები, რომლებსაც აუცილებლად ყურადღებით უნდა მოუსმინოთ მაშინაც კი, როცა ისინი ყრუდ, თითქოს მოქმედების მიღმა ისმის. ეს იმიტომ, რომ ფილმში არცერთი სიტყვა არ ჟღერს უაზროდ – აქ ყველა ხმა მნიშვნელოვანია.
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ იმ ზაზაზეც გვიამბობს, რომელიც ანსამბლიდან ორიენტაციის გამო გამოაგდეს და მონასტერში გაგზავნეს იმ იმედით, რომ იქ მამაოები „გამოასწორებდნენ“. „გაიგე? თურმე, ზაზასთვის მამაოს აქეთ დაუწყია ჩალიჩი!“ – უყვება მარის თავისი მეგობარი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რომ მისი სიტყვები ნამდვილ საქართველოში ფილმის პრემიერამდე გაცოცხლდება და ყველას აალაპარაკებს. ზოგადად, მართლმადიდებლური ჯვარი მთელი სიუჟეტის თანმდევი სიმბოლოა, რომელიც გარდამტეხ მომენტებში განსაკუთრებულად შესამჩნევი ხდება.
ამ ყველაფრის მაყურებელს, ერთადერთი აზრი გიჩნდება – დრო რომ გავა და მოგინდება, რომ შვილებსა თუ შვილიშვილებს შენი დროის საქართველოზე მოუყვე და მისი კარგი და ცუდი მხარეები აჩვენო, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქმეს გაგიმარტივებს და მომავალ თაობებს ახლანდელ თბილისზე ზუსტი, სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტებით მოუყვება.

დაბოლოს, სანამ არსებობენ მარიამისნაირი მეგობრები (რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, შენს ყველაზე დიდ გულშემატკივრებად რჩებიან) და დავითისნაირი ძმები (რომლებიც სიყვარულს ძალადობაზე მაღლა აყენებენ); სანამ ლევანი, ბაჩი და ანა პირველ საერთაშორისო ნაბიჯებს ასე გამართულად დგამენ; სანამ შვედეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი თბილისს ასე უხსნის სიყვარულს და ახალგაზრდები პროტესტს არა ქვების სროლით, არამედ ცეკვით გამოხატავენ, ჯერ კიდევ რჩება იმედი იმისა, რომ ერთმანეთის პატივისცემას ვისწავლით; გავიაზრებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვინმეს სიყვარული წავართვათ ან ავუკრძალოთ; რომ, მიუხედავად ორიენტაციისა, ყველას ერთნაირად გვიყვარს და გულიც ერთნაირად გვტკივა მაშინ, როცა გვტოვებენ; რომ ღმერთი კეთილია და არაფერი აქვს საერთო ძალადობასა და სიძულვილთან; და რომ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ერთმანეთის სიყვარულია.