ნინი ნადირაშვილი ილუსტრატორი, ფოტოგრაფი და მეიქაფ არტისტია. Regarder-მა ნინისთან ხელოვანის ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, ყველაზე დიდ დანაკარგსა და დაცემის შემდეგ, ძალის პოვნაზე ისაუბრა.
როგორ დაიწყო ყველაფერი:
ერთ დღეს, Youtube-ზე ვიდეო თუთორიალს წავაწყდი, რომელიც გვასწავლიდა, თუ როგორ დავხატოთ ილუსტრაცია მობილურში Adobe Illustrator-ის გამოყენებით. დავიწყე იმის კეთება, რაც ვიდეოში ვნახე და მივხვდი, რომ გამომივიდა. მაშინ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ხატვა ჩემი შემოსავლის წყარო გახდებოდა.
პირველი ნამუშევარი დედას და დას ვაჩვენე, მათაც ძალიან მოეწონათ. მალევე გავაკეთე „ინსტაგრამის” გვერდი, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვდებდი. გვერდი ნელ-ნელა გააქტიურდა და შეკვეთების მიღებაც დავიწყე.
„პირველი, ვინც დავხატე ჩემი და იყო. ბევრი ცდის შემდეგ, ილუსტრაციები დაიხვეწა და უფრო ლამაზი გამომდიოდა”.
ნინი ნადირაშვილი
წარმოუდგენელი დანაკარგი, რომელიც ყველაფერს ცვლის:
უკვე მეოთხე წელია, რაც ჩემს მეუღლესთან და შვილთან, ანდრიასთან ერთად ესპანეთში ვცხოვრობ. აქ მეორე შვილი, ვივიც შეგვეძინა. ესპანეთში წამოსვლიდან 1 წელში, სამყაროში ყველაზე ტკბილი არსება, დედა დავკარგე. ისე, რომ მისი ნახვაც ვერ შევძელი. მე და დედას სულ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. ძალიან ახლოს ვიყავით და უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს – ჩემი იმედი იყო. დილით ბედნიერად ვიღვიძებდი რადგან ვიცოდი, რომ გვერდით მყავდა.
„დედამ ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამოიარა. მაგრამ, მაინც ცდილობდა გამოწვევებთან გამკლავებას. ყოველთვის ამბობდა, რომ მე და ჩემი და ვაძლევდით ძალას”.
დედის დაკარგვის შემდეგ, ცოტა ხანს აღარ ვხატავდი. როდესაც ისევ დავუბრუნდი შემოქმედებით საქმიანობას, ჩემი პირველი ილუსტრაცია სწორედ დედაჩემი იყო. ისევ მისით დავიწყე ხატვა. დედას სახელია ლელა, გადავწყვიტე ჩემი გვერდისთვის არტი-ლე დამერქმია. მინდოდა, მისი ნაწილი ჰქონოდა. დიდ მოტივაციას მაძლევს ის, რომ ისევ დედის გამო დავიწყე და გავაგრძელე საყვარელი საქმის კეთება.
„ხშირად მსმენია კითხვა: „ვინ არის შენთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანი?” დედაჩემი ზუსტად ასეთი პიროვნება იყო. ნამდვილად მისაბაძი და სამაგალითო. ზუსტად დედას დამსახურებაა ის, რომ დღეს მე ისევ ვხატავ”.

„ხშირად მსმენია კითხვა: „ვინ არის შენთვის სამაგალითო, მისაბაძი ადამიანი?” დედაჩემი ზუსტად ასეთი პიროვნება იყო. ნამდვილად მისაბაძი და სამაგალითო. ზუსტად დედას დამსახურებაა ის, რომ დღეს მე ისევ ვხატავ”.
ნინი ნადირაშვილი
თვითგამოხატვის გზებზე:
ბოლო დროს, უმეტესად პორტრეტები დამიგროვდა. პორტრეტებით უფრო მარტივად გადმოვცემ ადამიანის ემოციას. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ფერებს: უფრო ნაზი, პასტელური ფერები მიყვარს.
ის დეტალები, რომელიც სხეულზე გადმომაქვს, ჩემთვის ნამდვილად ხელოვნებაა. შეგიძლია ხასიათიც მოარგო და შენი გამომეტყველებით გადმოსცე ემოცია. თუ ცოტათი მაინც გეხერხება ხატვა, ბევრად მარტივად გამოგივა სახის და სხეულის მოხატვაც.
შთაგონებისთვის, ხშირად ვათვალიერებ Pinterest-ს. ზოგჯერ, ჩემი დაც მაწვდის ახალ იდეებს. თუ სეირნობის დროს ისეთ რამეს გადავეყარე რაც მომწონს, თვალწინ მაშინვე წარმომიდგება ახალი პროექტი. გონებაში ვალაგებ სტილს, ვაწყობ კომპოზიციას და შემდეგ ფოტოებს ვიღებ.
„ის, რისი კეთებაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, სხვადასხვა ადამიანის იმიტაციაა. ეს პროცესი ჩემთვის უზომოდ საინტერესოა”.

სერიალის ან ფილმის ყურების დროს, შესაძლოა მომეწონოს რომელიმე პერსონაჟი, მისი ხასიათი ან ჩემს თავთან მსგავსება დავინახო. ამ დროს, უკვე წარმოვიდგენ როგორ მოვახდენ იმიტაციას, მიბაძვას, გარდასახვას. როგორ მოვირგებ პერსონაჟის სტილს და შემდეგ ფოტოებსაც გადავიღებ. ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს და ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა.
სამომავლოდ, კიდევ რამდენიმე პერსონაჟის იმიტაციას ვგეგმავ. დიდი მოტივაციაა, როდესაც ჩემი ნამუშევრები სხვა ადამიანებსაც მოსწონთ. ამ დროს, გიფასდება ის შრომა, რომელსაც საქმეში დებ. ჩემი გამომწერების მხარდაჭერა იმ ტკივილის დაძლევაში მეხმარება, რასაც დედის დაკარგვის შემდეგ ყოველდღე განვიცდი.
ძალიან მინდა ფოტოგრაფიის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. პერსონაჟის შერჩევისა და სახის მოხატვის შემდეგ, ფოტოების გადაღების და მათი დამუშავების პროცესი ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.