გამოცემა Architectural Digest-ი კიმ კარდაშიანისა და ქანიე უესტის ფუტურისტულ და ექსტრავაგანტულ სახლს ესტუმრა. „2013 წლის ზაფხულში, როდესაც ამ სახლს პირველად ჩავუარეთ, ნორთი ახალი დაბადებული იყო. მე და ქანიე ხშირად ვსეირნობდით ფეხით. ვცდილობდი, ორსულობის დროს მომატებული წონა დამეკლო. იმ მომენტში არ ვიცოდი ჩემი მეუღლის ხედვები და ჩავთვალე, რომ ეს სახლი ჩვენთვის იდეალური იყო. ქანიე ნაკლებად აღტაცებული ჩანდა და მითხრა, რომ ამისგან რაღაცის შექმნა შეიძლებოდა“ – იხსენებს კიმი.

თითქმის შვიდი წლისა და კიდევ სამი შვილის შემდეგ, უესტებმა კალიფორნიის ტიპიური რეზიდენცია ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად გარდაქმნეს. თავად ქანიე ასე აღწერს მათ საცხოვრებელს: „ეს იყო ტიპიური მდიდრული სახლის მეტამორფოზა ფუტურისტულ, ბელგიურ მონასტრად“.
„სანამ ქანიეს შევხვდებოდი, ინტერიერის დიზაინის შესახებ არაფერი ვიცოდი. წლების განმავლობაში მასთან ყოფნამ საოცარი ცოდნა შემძინა. დღეს ვამაყობ იმით რაც გვაქვს და ვიცი მისი მნიშვნელობა და ფასი“ – ამბობს კიმი.

საერთაშორისო დიზაინის სამყაროში ხეტიალმა, წყვილი სახელგანთქმულ ბელგიელ დიზაინერს, აქსელ ვერვურდთს შეახვედრა. „როდესაც აქსელის ნამუშევრები ვნახე, ვიფიქრე, ეს ადამიანი ბეტმენის სახლის დიზაინსაც შექმნიდა. ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მემუშავა მასთან ერთად და კალაბასასში გადმოსვლასა და ჩვენი მომავლის სახლის შექმნაზე დავითანხმე” – იხსენებს ქანიე.
„კიმს და ქანიეს რაღაც სრულიად განსხვავებულის შექმნა სურდათ. დეკორაციების ნაცვლად, ჩვენ ფილოსოფიაზე ვსაუბრობდით. როგორ ვცხოვრობთ ახლა და როგორ გვსურს ცხოვრება მომავალში” – ასე იხსენებს აქსელი წყვილთან მუშაობის პროცესს.
„მე და ქანიეს ნეიტრალური ფერების სიყვარული გვაერთიანებს. მიყვარს დიზაინის სიმარტივე. გარე სამყარო იმდენად ქაოტურია, რომ როგორც კი სახლში შემოვალ, მსურს სიმშვიდე დამეუფლოს” – კიმ კარდაშიანი.

„ერთი შეხედვით, სახლი ცარიელი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ის ბავშვებისთვის შეიქმნა. ჩვენი შვილები დერეფნებში სკუტერებზე კატაობენ, თავისუფლად დარბიან და თამაშობენ. ხედვაც სწორედ ეს იყო, შეგვექმნა სახლი ჩვენი ოჯახისთვის” – ქანიე უესტი.

Architectural Digest-მა წყვილთან ვიდეო ინტერვიუც ჩაწერა. პირველ კითხვას, რომელიც ქანიეს კიმმა დაუსვა: „რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება?„ – ქანიე შემდეგნაირად პასუხობს: „აღარ ვარ მარტოსული“.
