არაფერია გასაკვირი იმაში თუ ადამიანს სურს სახლში სპა, აბანო, ან მსგავსი სარელაქსაციო სივრცე ჰქონდეს. ფრანგმა დიზაინერმა მარიონ მაილანდერმა სახლის დეკორი მთლიანად აბანოს ელემენტებით ააწყო.

„მინდოდა სახლი საცურაო აუზს დამსგავსებოდა, რათა ყოველდღე დასვენების შთაბეჭდილება შეგვქმნოდა”.
მარიონ მაილანდერი

ბინის ფართობი 110 კვადრატულ მეტრს შეადგენს და 70-იან წლებში აშენებულ სახლში, მეთორმეტე სართულზე მდებარეობს. შეძენის მომენტში მარიონმა უკვე იცოდა რომ კაპიტალური რემონტი დასჭირდებოდა, სტილი სახლის აშენების თარიღმა განსაზღვრა:
„სახლის აშენების თარიღი რომ გავიგე, მაშინვე მივხვდი რომ რემონტს 70-იანი წლების სტილში გავაკეთებდი, რა თქმა უნდა თანამედროვე მასალებით”.
მარიონ მაილანდერი

სამზარეულო და სასადილო ოთახი სასტუმრო ოთახს უერთდება. მარიონის ოჯახი ოთხი ადამიანისგან შედგება. გარდა ამისა, სტუმართმოყვარე ოჯახში ყოველთვის ხალხმრავლობაა. მთავარი რამ, რაც ბინას საცურაო აუზის ეფექტს აძლევს, რა თქმა უნდა, თეთრი კაფელის იატაკია.
ფერების ძირითადი გამა თეთრია, ზოგიერთ ადგილას ფერადი ფილა კი სივრცის შეგრძნებას აფართოებს და 70-იანი წლებისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას ქმნის. სხვადასხვა პერიოდში იატაკი სხვადასხვანაირად ირეკლავს სინათლეს და დღის მონაკვეთის ცვლასთან ერთად იცვლება ოთახების ატმოსფეროც.

სიმყუდროვის გრძნობა ქათქათა თეთრ, ერთი შეხედვით სტერილურ სახლში, ავეჯსა და აქსესუარებს შემოაქვს. მაგალითად, ფერადი ხალიჩა მისაღებ ოთახში, მეგობარი მხატვრების ნამუშევრები. სააბაზანო ოთახში კედლები ხით არის მოპირკეთებული, თვითონ აბაზანას ნავის ფორმა აქვს. საძინებელ ოთახში დიდი თბილი ხალიჩაა, რომელიც ლოგინიდან ადგომას კომფორტულს ხდის.
„ჩვენ რადიკალური დიზაინის, წიგნების, ხელოვნების ნიმუშებისა და გართობის მოყვარულები ვართ, ბინა ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენს შეხედულებებს”.
მარიონ მაილანდერი
