მაშ ასე, დროა დაწვრილებით მოგიყვეთ ამ საოცარი მოგზაურობის შესახებ, რომელმაც დიდი ხნის დავიწყებული შეგრძნებები გამიღვიძა და სხვა რეალობაში თუნდაც რამდენიმე დღით ცხოვრების შესაძლებლობა მომცა.
ზუსტად ერთი წელია ვიცდი. ვიცდი, როდის დასრულდება პანდემია, რომ კვლავ შევძლო მოგზაურობა. ვიცავ ყველა რეგულაციას. ველოდები გვირაბის ბოლოს სინათლეს, რომელიც არსად ჩანს და პირიქით, გვირაბი კიდევ და კიდევ უფრო გრძელდება. დეკემბერში მივხვდი, რომ ეს ლოდინი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელებულიყო.
„გადავწყვიტე მემოქმედა. მემოქმედა, მიუხედავად ყველა იმ სიგიჟისა, რაც სამყაროში ახლა ხდება”.

კოვიდ-მეგობრული ქვეყნების ძიება: დავიწყე იმ ქვეყნების მოძიება, სადაც უპრობლემოდ შევძლებდი მოგზაურობას საქართველოს მოქალაქის პასპორტით. ზუსტად ასეთი აღმოჩნდა მალდივები. ამ ქვეყნის კარი ნებისმიერი ტურისტისთვის ღიაა. მოვიძიე ინფორმაცია და აღმოვაჩინე რომ კორონავირუსის დღიური 20-30 შემთხვევა აქვთ, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და რეალურს ხდიდა იქ მოგზაურობას. მყარად გადავწყვიტე, რომ მალდივებზე უნდა მემოგზაურა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა.
„ერთწლიანი სტრესის შემდეგ, ჰაერივით მჭირდებოდა სხვა რეალობაში გადანაცვლება”.

ფრენების საკითხის გარკვევა: აღმოჩნდა, რომ კატარის ავიახაზები ჩვეულებრივ დაფრინავს თბილისიდან რეგულარულად ნებისმიერი მიმართულებით. ბილეთის ყიდვაც საიტზე შეიძლება, როგორც უწინ, ვირუსამდე. მივხვდი, რომ ყველაფერი იმაზე მარტივად იყო ვიდრე წარმომედგინა.
დავიწყე ჯგუფის შეკრება: მოგეხსენებათ, ჯგუფური მოგზაურობა გაცილებით იაფი ჯდება. ბევრმა არასერიოზულად აღიქვა ჩემი შეთავაზება. ზოგმა დამცინა კიდეც – ვინ გაგიშვებს ახლა სადმეო. თუმცა, მაინც მოვახერხე თანამოაზრეების მოძიება და შევიკრიბეთ 8 ადამიანი.
„ჯგუფური მოგზაურობა გაცილებით იაფი ჯდება. შევიძინეთ ბილეთები და დავიწყეთ მზადება დაუვიწყარი მოგზაურობისთვის”.

რა საბუთები დაგვჭირდა და რა არის აუცილებელი მალდივებზე მოსახვედრად?
1. აუცილებელია pcr ტესტის უარყოფითი პასუხი;
2. უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
3. სასტუმროს ჯავშანი;
4. შტრიხ კოდი, რომელიც გენიჭებათ უმარტივესი ფორმის შევსების შემდეგ;
აი აქ ავსებთ გაფრენის წინ და გამოფრენის წინაც, ძალიან მარტივი ფორმაა https://imuga.immigration.gov.mv/ethd/create
ყოველივე ამას აუცილებლად მოგთხოვენ საქართველოს საზღვარზე გაფრენისას.

თბილისის აეროპორტიდან მალდივების სასაზღვრო კონტროლამდე: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთით წარვსდექით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. გავფრინდით უპრობლემოდ. გადაჯდომა გვქონდა დოჰაში, სადაც არაფერს ითხოვენ საერთოდ. ბორტზე ავიაკომპანია იცავს ყველა რეგულაციას და არის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. დოჰადან 5 საათში ჩავფრინდით მალდივებზე. ასე მარტივად სასაზღვრო კონტროლი არასდროს არსად არ გამივლია.
„მესაზღვრემ პასპორტი გამომარვა, კლავიატურა ააჩხაკუნა რამდენიმე წამით, ბეჭედი ჩაარტყა და ბედნიერი დასვენება მისურვა”.

გეგმა ასეთი გვქონდა: პირველი ორი დღე ვრჩებოდით დედაქალაქ მალეში, შედარებით იაფ ფასიან სასტუმროში. შემდეგი 5 ღამით კი კურორტ კუნძულზე მივდიოდით. ჯამში 7 ღამე და 8 დღე გამოგვდიოდა იქ ყოფნა.
პირველი 2 დღე მალეში ხეტიალს დაეთმო: მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს პირბადე ეკეთა. შენობებშიც და მის გარეთაც. თუმცა აშკარად იგრძნობოდა რომ მაინცდამაინც მკაცრად არავინ თხოვდათ ამის გაკეთებას. ღია იყო აბსოლუტურად ყველაფერი. ღამე სავსე იყო ქუჩები ადგილობრივებით. კაფეები და რესტორნებიც არ უჩიოდა ხალხის რაოდენობის სიმცირეს. ჩვენ რა თქმა უნდა პირბადეებით ვმოძრაობდით და ყველა არსებულ რეკომენდაციას ვიცავდით. ასე მალე მალეში ხომ ვერ დავივიწყებდით წვალებით მოპოვებულ და ინსტიქტად ქცეულ რეკომენდაციების აღსრულების უნარს.
„ღამე სავსე იყო ქუჩები ადგილობრივებით. კაფეები და რესტორნებიც არ უჩიოდა ხალხის სიმცირეს”.

5 დღე კურორტ კუნძულზე: სულ სხვა ვითარება დაგვხვდა კუნძულზე: არანაირი პირბადე, არანაირი დისტანცია. 5 დღით საერთოდ დაგვავიწყდა პანდემიის არსებობა. დამსვენებლები ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ფაქტობრივად, სასტუმროს არც ჰქონდა თავისუფალი ადგილები. თავად რეზორტის ადმინისტრაცია ყველა რეკომენდაციას იცავდა. პერსონალს ეკეთა პირბადე. ჭამის დროს თვითონ ხელთათმანებით გაძლევდნენ საჭმელს, შენ რომ არ შეხებოდი და ასე შემდეგ. თუმცა, დამსვენებლებს საერთოდ არაფერს ავალდებულებდნენ.

კუნძული მხოლოდ ერთი სასტუმროს საკუთრება იყო. მასზე არსებული დიდი სივრცის გამო შეუძლებელი იყო იქ ვინმესგან რაიმეს გადადება. თავად გარემოზე და ჩვენს მდგომარეობაზე არაფერს ვიტყვი, ფოტოებიდანაც მიხვდებით რომ ნამდვილ ზღაპარში ვიყავით რამდენიმე დღე. გავიხსენეთ, როგორი იყო ცხოვრება ვირუსამდე და დავიმუხტეთ უზღვავი ენერგიით.
„რეზორტის ადმინისტრაცია ყველა რეკომენდაციას იცავდა. პერსონალს ეკეთა პირბადე”.

რა დაგვიჯდა ეს ყველაფერი? მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მივადგეთ ყველაზე საინტერესოს. მთლიანი მოგზაურობა 1550€ დაგვიჯდა. ამ ფასში შედიოდა:
1. ფრენები;
2. 2 ღამე მალეში საუზმით;
3. 5 ღამე კურორტზე სამჯერადი კვებით;
4. ტრანსფერები მალედან კურორტზე და პირიქით (კატერით);
ჩვენს კურორტს ერქვა Fihalhohi Island Resort. ახლა ბუქინგზე რომ ნახოთ ეს რეზორტი ისეთი ფასი აქვს გაგიჟდებით. თუმცა, ბევრი ვეცადე და ეს ფასი გამოვიყვანე. ერთი კეთილი ადამიანი დამეხმარა კონტაქტების მოძიებაში.
„ინსტაგრამ ბლოგერობაც დამეხმარა სასტუმროებთან ხელმისაწვდომ ფასზე მოლაპარაკებაში”.

რაც შეეხება სხვა ხარჯს: ერთადერთი, რაშიც შეიძლება ფული დაგეხარჯოთ ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ფასიანია. ფასიანია ასევე წვენებიც. თუ რაიმე აქტივობა გსურთ – სნორქლინგი, ზვიგენების ან დელფინების ხილვა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაშიც გადახდა მოგიწევთ თანხის.

უკან 31 იანვარს დავბრუნდით: ზუსტად ერთი დღით ავცდით ახალ რეგულაციებს, რომელიც 8 დღიან თვითიზოლაციას ითვალისწინებს. ჩვენ კი, 12 დღე მოგვიწევს სახლში ყოფნა. თუ პისიარ ტესტის პასუხით ჩამოხვალთ და სამ დღეში კიდევ გაიკეთებთ აქ თქვენი ხარჯით, მაშინ 3 დღეში თავისუფლდებით თვითიზოლაციიდან. თუმცა გაითვალისწინეთ, მალდივებზე pcr ტესტი 120-150$ ჯდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ?
1. მალდივებზე წასვლამდე, თუ ტურის შეძენას აპირებთ, აუცილებლად დეტალურად გადაამოწმეთ რომელ კურორტზე მიდიხართ და რა პორობებით. მოგეხსენებათ მალდივებზე უამრავი კუნძულია. თითო კუნძულზე თითო რეზორტია განთავსებული ძირითადად და ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან.
2. თუ კურორტი კუნძული „ბანძია” და ბევრი ცუდი შეფასება აქვს ჩათვალეთ რომ მალდივის კუნძულებს ვერ ნახავთ. მალდივებზე იქნებით, მაგრამ იმ სილამაზეს რასაც ფოტოებში ხედავთ ხოლმე ვერ იხილავთ.
3. ასევე გაარკვიეთ შედის თუ არა სამჯერადი კვება ტურ პაკეტში. თუ მხოლოდ საუზმეს გთავაზობენ, ჩათვალეთ კიდევ ბლომად თანხა დაგეხარჯებათ კვებაში.
4. აუცილებლად გაარკვიეთ ტრანსფერის ამბავი. მაგალითად, ზოგიერთ კუნძულზე მოხვედრა მხოლოდ თვითმფრინავითაა შესაძლებელი, ეს კი ტრანსფერში გადახდილ მინიმუმ 450 დოლარს ნიშნავს.
5. შეარჩიეთ ისეთი კუნძული, რომელიც შედარებით ახლოს იქნება დედაქალაქთან, რათა კატერით შეძლოთ გადასვლა. გაითვალისწინეთ, რომ კოვიდის გამო მალდივებზე აკრძალულია კუნძულიდან კუნძულზე ერთი დღით გადასვლა, რაც ადრე საკმაოდ პოპულარული აქტივობა იყო. ამიტომ, სწორად შეარჩიეთ კუნძული რომ მაქსიმალურად შეიგრძნოთ ის სილამაზე რასაც ეს ქვეყანა გვთავაზობს.
„სულ ეს იყო, რისი თქმაც მსურდა. ერთ მსგავს ტურს სავარაუდოდ მარტისთვისაც გავაკეთებ და იყავით ხაზზე, ვისაც სურვილი გაქვთ წამოსვლის”.
სოსო ნებიერიძე Instagram-ზე: @soso_aroundtheworld; Facebook-ზე: @sosonebieridzetravel