წარმოიდგინეთ, რომ მე-20 საუკუნეში მოგიწევთ მოგზაურობა. ზოგჯერ წყალიც ირთვებოდა, რამდენჯერმე შუქიც ჩაქვრა. ქუჩები მანქანებისგან ცარიელია, აქ არ არსებობს საცობები… მაგრამ, სანამ ამ საოცარ ქვეყანაში გამოგზაურებთ, ჯერ მოგიყვებით როგორ მოვხვდი კუბაზე.
სოსო ნებიერიძე Instagram-ზე: @soso_aroundtheworld; Facebook-ზე: @sosonebieridzetravel
ვიზა: საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ გვჭირდება, გვესაჭიროება მხოლოდ ტურისტული ბარათი (Tourist Card), რომელიც შეგიძლიათ ონლაინ გამოიწეროთ – 40 ევრომდე ღირს, ან მიხვიდეთ კაპიტან პლუსში და იქ შეიძინოთ.

ფრენა: კუბაზე მიუნხენიდან ჩავფრინდი. პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია ევროვინგსი ასრულებს და ერთ გზაში 199 ევრო გადავიხადე. ჩემი დაკვირვებებით, ორმხრივი ბილეთი 400-600 ევრომდე ღირს. უკანა გზის ბილეთი აღარ მიყიდია. როდესაც ამხელა გზაზე მიდიხარ, უმჯობესია, კიდევ ნახო ახლომახლო რომელიმე ქვეყანა, ამიტომ უკან სხვა ქვეყნიდან დავბრუნდი.
აუცილებელი საბუთები: გაითვალისწინეთ, რომ საზღვარზე თან უნდა იქონიოთ სასტუმროს ჯავშანი და უკანა გზის ბილეთი. ქართულ პასპორტს რომ დაინახავენ, არ გაგიკვირდეთ თუ გვერდით გაგიხმეს და დაკითხვა მოგიწყვეს, სანერვიულო არაფერია.

კუბის სასაზღვრო კონტროლი: როგორც ხშირად ხდება, ქართული პასპორტის დანახვისთანავე გამიყვანეს ცალკე და გამომკითხეს ჩამოსვლის მიზეზი: სად ვცხოვრობ, რას ვსაქმიანობ, იმის ვიზა რატომ მაქვს, ამის ბეჭედი რატომ მაქვს, კაი ბიჭი ვარ თუ არა და ათასი სისულელე. მერე ჩანთა ჩხრიკეს კიდევ 20 წუთი და 40-წუთიანი შეფერხების შემდეგ, როგორც იქნა შემიშვეს.
უნდა აღვნიშნო, ამ ყველაფერს არ აკეთებდნენ აგრესიულად. პირიქით, ძალიან „ჯიგრულად” და პოზიტიურად. ბავშვებივით სვამენ ათას სულელურ კითხვას.
ქვეყნის დატოვების დროსაც მაწვალეს: სად მიდიხარო, რატომ მიდიხარო, კოლუმბიაში რა გინდაო, იქიდან სად წახვალო, თუ გერმანიიდან ჩამოხვედი, გერმანიის ვიზა რატომ არ გაქვსო? რეკავდა ათასგან – მოკლედ, დამტანჯეს. ჩანთაც საგულდაგულოდ შეამოწმეს და როგორც იქნა, გამიშვეს.
ვარადერო, კუბა
კუბის მონახულება ვარადეროთი დავიწყე. ეს არის საკურორტო ქალაქი ულამაზესი სანაპიროებით და All Inclusive სასტუმროებით. ვარადენოში ძირითადად დასასვენებლად ჩამოდის ხალხი. დასათვალიერებელ ადგილებს და ისტორიული დატვირთვის ძეგლებს ვერ ნახავთ.

ვარადეროს სანაპიროებია ულამაზესი, დილის 8 საათიდან ვიარე ფეხით და ნახევარზე მეტი სრულად დავათვალიერე. აუცილებლად სანახავი ადგილია ალ კაპონეს სახლი, რომელსაც ისეთი ლამაზი ხედები აქვს ზედ სანაპიროზე, რომ ჭკუიდან შეგშლით.

„ხალხი ძალიან მხიარულია. ინგლისური ენა ასე თუ ისე, იციან. ყველგან რომ სიმღერა და დროსტარებაა, ეს უკვე გაგონილი გექნებათ”.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
სასტუმროების ფასები 70-დან 200 დოლარამდე მერყეობს. ამ ფასში, უმეტეს შემთხვევაში შედის კვებაც მთელი დღის განმავლობაში. ნომერი და მომსახურება დიდი ვერაფერი, მაგრამ კვება მომეწონა. ძალიან გემრიელი საჭმელი აქვთ და თან არჩევანიც დიდია – სასმელი, ნაყინი, ტკბილეული, ტროპიკული ხილი, ყველაფერია და ნებისმიერ დროს ჭამ და სვამ.

ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებში და აუზთან არის. სხვათაშორის, სადაც იჭერს, იქ ცუდად არ მუშაობს. პრობლემა ის არის, რომ სასტუმროს გარდა ვერსად ისარგებლებთ ინტერნეტით, თუმცა ეს თავის მხრივ კარგიც არის. იყიდება გადასაფხეკი 1-დოლარიანი ბარათებიც, რომელზეც პაროლია მითითებული. შეგყავს პაროლი და 1 საათი შეგიძლია ინტერნეტის მოხმარება.
წყალი ძვირია. 1 დოლარი ღირს სულ პატარა ბოთლი, თუმცა მე არ მიყიდია, რადგან სასტუმროში უფასოა. სავარაუდოდ, გარეთ საჭმელიც ძვირი იქნება, არ დავინტერესებულვარ.

ტრანსპორტი საშინლად ძვირია. აეროპორტიდან სასტუმრომდე 30 დოლარს ფეხი არ მოუცვალეს. ბოლოს, ვიღაც ჩემნაირი ვიპოვე, ერთად წამოვედით და თანხა გავიყავით. ტაქსის გარდა, აეროპორტიდან წამოსვლის სხვა ალტერნატივა არ გაქვთ. უაზროდ ძვირია ტაქსი ქალაქშიც – ორ-სამ კილომეტრიან მონაკვეთებზე 10 დოლარს ითხოვენ, თუმცა შევაჭრება შეგიძლიათ და ზოგს ფასი გავანახევრებინე კიდეც.

უმეტესად, მაინც ფეხით დავდივარ. ამ დროს, ფეხსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანია. ნიუ ბალანსებზე გადავედი და სასწაულად კმაყოფილი ვარ – კომფორტული და მსუბუქია, New Balance Georgia გიდევ გესტუმრებით.
3 დღე განცხრომაში გავატარე. შემდეგი გაჩერება – ტრინიდადი
ტრინიდადი, კუბა
ტრინიდადში ჩასასვლელი ავტობუსის ბილეთი თბილისშივე, 20 დოლარად ვიყიდე ონლაინ (viazul.com აქ შეგიძლიათ ბილეთების შეძენა). ჩემი აზრით, 2 დღე საკმარისია ტრინიდადის სანახავად.
ვარადეროდან ტრინიდადამდე გზამ ბავშვობა გამახსენა – ბნელი და ტკბილი 90-იანები. ორმხრივი გზა, ღარიბი სოფლები. გზადაგზა, „დანჯღრეული” მანქანებით ჩასაფრებული პოლიციელები. პოლიციის ტეკები, სადაც ტაქსისტი შეშინებული ანელებდა მანქანას და სანამ არ გასცდებოდა, 30-ს არ აჭარბებდა.
„სოფელში, მამაჩემის „გოლფ აძინით” რომ მივდიოდი ხოლმე, აი ზუსტად ეგ დრო დამიდგა თვალწინ”.

გზა ცარიელი იყო, ალაგ-ალაგ ტრაქტორები, „პაზიკები” და ურმები გვხვდებოდა. რამდენიმე კილომეტრი შეიძლება ისე იარო, ერთი მანქანა არ შეგხვდეს.
„შიგადაშიგ, თავმომწონე ახალგაზრდა კუბელი ბიჭები „გვიაბგონებდნენ” „შეკრული შესტებით” და „სემებით”, ზოგიც „პადვესკა” აწეული ნივით იწონებდა თავს”.

ჩამოვედი ტრინიდადში. თითქმის მთელი ქალაქი ფეხით მოვიარე – პატარაა, ფერადი და ცოცხალი, თავი ზღაპარში მეგონა. აქ ვარადეროზე გაცილებით მეტად იგრძნობა კუბური აურა. რაღაცნაირი ენერგიით გმუხტავს ქალაქი. სიღარიბეს, მონგრეულ შენობებს და ფერად-ფერად ძველ მანქანებს თავისებური ხიბლი აქვთ, ნესტის სუნიც ყველგან იგრძნობა.

დილით, 7 საათიდან იწყებს ქალაქი გაღვიძებას და ახმაურებას – საოცარი სანახავია. ხალხი მეგობრულია და რაც მთავარია, ტრინიდადიც და ზოგადად კუბა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. მითია ის, რომ კუბა საშიში და კრიმინალურია, არაფერი მსგავსი არ შემინიშნავს. პირიქით, თავს საკმაოდ უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
„კარ-ფანჯრა ყველას ღია აქვს, ყველა გარეთ არის, ყველა მხიარულია და ყველგან მუსიკა ისმის”.

საღამოს, Casa de la Musica-შიც გავიარე. კაფესავით არის ღია ცის ქვეშ: უკრავენ ლათინურ მუსიკას, მღერიან კუბურ სიმღერებს და ხალხი ცეკვავს. სადაც ტელეფონებით ხელში, ერთად თავმოყრილ ადამიანებს დაინახავთ, იცოდეთ, იქ ინტერნეტი იჭერს და შეგიძლიათ ისარგებლოთ. სხვათაშორის, მშვენივრად მუშაობს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ჰოსტელები: ტრინიდადში 10-15 დოლარი ღირს საწოლი, 20-30 ცალკე ოთახი. მე ოთახი მქონდა დაჯავშნილი 25 დოლარად. ფერნანდო, ჰოსტელის მეპატრონე ძალიან „ჯიგარი” კაცი აღმონდა – საყვარელი ოთახი მომცა აივნით და სველი წერტილით. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლშიო. წვენიც ამომიტანა და თუ რამე დაგჭირდეს, არაფერი მოგერიდოსო.

საჭმელი: რესტორნებში კვება საკმაოდ ძვირია. ერთი პორცია, ერთ კაცზე 10-15 დოლარი დაგიჯდებათ.

ტრანსპორტი: ტაქსი ვარადეროსთან შედარებით იაფია, თუმცა აქ დიდად საჭირო არ არის. თითქმის ყველგან შეგიძლიათ ფეხით მისვლა. ასევე შეგხვდებათ ცხენში შებმული პატარა ეტლები და დიდი სამბორბლიანი ველოსიპედები, რომლებიც ტაქსზე იაფია.

ტრინიდადიან ჰავანამდე მისასვლელად ავტობუსს 7 დამღელელი საათიანი სჭირდება. შემდეგი გაჩერება – ჰავანა.
ჰავანა, კუბა
საკმაოდ დიდი, მოძრავი და ხმაურიანი ქალაქია ჰავანა, თუმცა, ამავდროულად, ჯადოსნური. თავს რომ ძველი დროის ლამაზი ფილმის გმირად გაგრძნობინებთ ისეთი. დილით, როგორც ყველა, მეც ცენტრისკენ გავემართე. ცენტრალური პარკი საკმაოდ ლამაზია და გარშემორტყმულია ყველაზე პოპულარული სასტუმროებით, ფერადი მანქანებით, იქვეა Capitolio-ც.
„ფერადი, ძალიან ცოცხალი და ხმაურიანია ჰავანა. ქუჩებში ხალხით, მუსიკით, ცეკვით, ფერადი და საოცარი მანქანებით, სავსე კეთილი და მხიარული ადამიანებით”.

გავაგრძელე ქუჩებში ხეტიალი. შიგადაშიგ, კაფეებს და რესტორნებს შეხვდებით, თავისი სიმღერებით, ცეკვებით და ამბებით. სუვენირების მაღაზიებიც ბლომად არის და ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს.
„შევიხედე კაფეშიც, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ჰემინგუეი. ხალხით იყო გადაძეძგილი. მივხვდი, რომ იქ დასაჯდომად ადგილის ძებნას აზრი არ ჰქონდა და გზა გავაგრძელე”.
როდესაც ცენტრალური ქუჩების დათვალიერებას მოვრჩი, მალეკონისკენ გავემართე. ეს არის საკმაოდ პოპულარული, გრძელი ზღვისპირა ქუჩა. გზად, ციხესიმაგრე Castillo De Los Tres Reyes Del Morro შეგხვდებათ.

მეორე დღე გარეუბნებს დავუთმე, რაც ჩემთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. დავდიოდი ქუჩებში, სადაც არ შემხვედრია ტურისტი. ქუჩები სავსეა ხალხით: ბავშვები თამაშობენ, უფროსები საუბრობენ, ზოგი დომინოს თამაშობს, ზოგი აივანზეა და გვერდითა აივანზე მყოფ მეზობელს ელაპარაკება, ზოგსაც დინამიკი უდგას და მუსიკას უსმენს.
„ახალგაზრდები ბირჟებს ამაგრებენ, ხუმრობენ, იცინიან. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანაში საშინელი სიღარიბეა გამეფებული, არის ერთი ყიჟინა, ჟრიამული და მხიარულება”.

გარეუბნებში კარგად ნახავთ, თუ როგორ ცხოვრობენ აქაურები და უფრო მძაფრად შეიგრძნობთ ნამდვილ კუბას. თითქმის ყველა ცდილობდა კონტაქტში შემოსვლას და გამოლაპარაკებას. ჯორჯიიდან ვარ მეთქი რომ ვეუბნებოდი, ამერიკელი ვეგონე ზოგიერთს. თუ ბავშვებმა კამფეტი გთხოვეს და უფროსებმა ერთი დოლარი არ გაგიკვირდეთ, თქვენში ისინი ფულიან კეთილ ტურისტს ხედავენ.
„თუ გინდა ნახო ნამდვილი ჰავანა, ცენტრს უნდა გასცდე და გარეუბნებში იხეტიალო. ყველაზე თბილი და მხიარული ხალხით არის სავსე ქუჩები”.
ასევე აუცილებლად სანახავია José Martí Memorial, იქვეა Revolution Plaza, სადაც ნახავთ ჩე გევარას ცნობილ გამოსახულებას დიდ შენობაზე. ჯონ ლენონის პარკშიც შევიარე და ვნახე ლენონის ძეგლი, რომელსაც სათვალე უკეთია და ამ სათვალეს თავის მცველი ყავს, დარაჯობს რომ ვინმემ არ მოიპაროს.

ღამის ცხოვრების მოყვარულები 11 საათიდან ეწვიეთ ფაბრიკას. ეს არის ყველაზე ცნობილი გასართობი ადგილი. ხოლო, თუ კუბური მუსიკის მოსმენა და წარმოდგენების ნახვა გსურთ, ეწვიეთ ტროპიკანას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ესეთი რამ ნამდვილად არ მსმენია და არც არსად მინახავს. ტრინიდადიან ჰავანაზე მიმავალ ავტობუსში მხოლოდ ბილეთით არ შემიშვეს. ჰავანაში ავტობუსით მიმავალს, სადგურში „ჩექინი” გამაკეთებინეს, „ბორდინგ ფასი” მომცეს და ჩანთაც ჩამაბარებინეს. ბოლოს, ქამრის შეხსნაც დავიწყე, მეგონა, უსაფრთხოების კონტროლის გავლაც მომიწევდა.

მითია ის ფაქტი რომ კუბაზე ყველაფერი იაფია, პირიქით, კუბა ტურისტისთვის საშინლად ძვირი ქვეყანაა.
კვება ჰავანას ცენტრში ერთ ადამიანს, რესტორანში ერთი შესვლა 15-20 დოლარი დაგიჯდებათ. მე გარეუბნებში ვჭამდი. ისეთ რესტორნებში, რომლებიც ადგილობრივებზეა გათვლილი. 3-4, მაქსიმუმ 5 დოლარს ვხარჯავდი ერთ შესვლაზე და საკვებიც გაცილებით გემრიელი იყო.

ტრანსპორტირება გაგწეწავთ: 10 დოლარზე ნაკლებს არავინ გეტყვით, ძალიან ახლოსაც რომ მიდიოდეთ. შევაჭრების შემდეგ, ზოგი 5 დოლარზე თანხმდება. მე თითქმის სულ ფეხით გადავადგილდებოდი. აეროპორტიდან ქალაქამდე, და პირიქით, ტაქსი 25 დოლარი ღირს.

სასტუმროები: საკმაოდ ძვირია და ფასის შესაბამის სერვისსაც ვერ გთავაზობენ. თუ რამდენიმე ადამიანი მიდიხართ, Airbnb-ზე ბინის ქირაობა კარგი ვარიანტია. მე ცენტრიდან ცოტა მოშორებით, ჰოსტელში ვიყავი და ღამეში 12 დოლარს ვიხდიდი. საკმაოდ თბილი და მზრუნველი მასპინძელი ოჯახიც მყავდა.

ინტერნეტი: ჩემდა გასაკვირად, ჰოსტელში ინტერნეტი ჰქონდათ და 1 საათი 2$ ღირდა. ინტერნეტი ძირითადად პარკებშია. ყველგან, სადაც ტელეფონებით ხელში, ერთად თავმოყრილ ხალხს დაინახავთ, ნიშნავს, რომ იქ WiFi მუშაობს და შეგიძლიათ ისარგებლოთ. 1$ ღირს ბარათი, რომლითაც 1 საათი იყენებთ ინტერნეტს.

ფულის გადახურდავება: არ აქვს მნიშვნელობა დოლარი იქნება თუ ევრო, ფული გადაახურდავეთ ბანკში. მე რატომღაც სასტუმროში გადაცვლა მირჩიეს და შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბანკში ბევრად კარგი კურსი ჰქონდათ. ქალაქში ბანკომატებიც არის და თანხის განაღდება პრობლემა არ არის.

სუპერმარკეტები ფაქტობრივად არ აქვთ: მაღაზიებში ძალიან ცოტა პროდუქტია. დახლები თითქმის ცარიელია, იმპორტირებული პროდუქციაც საკმაოდ ცოტაა. მხოლოდ ერთი, შედარებით დიდი სუპერმარკეტია ცენტრიდან მოშორებით. თითქმის ვერსად ნახავთ კომპიუტერებს, ყველაფერს რვეულებში იწერენ.

წარმოიდგინეთ, რომ მე-20 საუკუნეში მოგზაურობთ: არ არის მაკდონალდსი და მსგავსი სწრაფი კვების ობიექტები. ზოგჯერ წყალიც ირთვება, რამდენჯერმე შუქიც ჩაქვრა. ქუჩები მანქანებისგან ცარიელია და არ არსებობს საცობები.
სტატიაში გამოყენებული ტექსტური და ფოტო მასალა წარმოადგენს სოსო ნებიერიძის ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ავტორის ნებართვით.