და აი, დადგა ივლისის ნანატრი 3-დღიანი დასვენება. მე და კოსუკემ შიძუოკას პრეფექტურაში, ფუჯის მთის სანახავად წასვლა გადავწყვიტეთ. 15 ივლისს ზღვის დღე აღინიშნება და მთელი იაპონია ისვენებს. წელს 3-დღიანმა დასვენებამ 13, 14, 15 ივლისს მოუწია და ორშაბათს დაემთხვა, სწორედ ამიტომ შანსი გამოვიყენეთ და შაბათს დილიდან წავედით თავგადასავლების საძიებლად.

„ფუჯის მთა სულ პირველად იაპონიაში ჩამოსვლის დღეს, თვითმფრინავიდან დავინახე და აღვფრთოვანდი. მას მერე სულ მინდოდა, ახლოდან მენახა“.

გოტენბა
გოტენბა, ფაქტობრივად, ყველა ძირითადი სანახავი ადგილის ცენტრშია. სასტუმრო არ გვქონდა დაჯავშნილი, ამიტომ ავტობანიდან რომ ჩამოვედით, პირველივე სასტუმროს მივადექით. თავისუფალი ოთახი არ ჰქონდათ. მივედით მეორეში და სასწაულებრივად მხოლოდ ერთი ოთახიღა იყო დარჩენილი. რადგან ამასობაში დაგვიღამდა, მოგზაურობა მეორე დღისთვის დავგეგმეთ.
Yamanakako, ტბა ფუჯის მთის გარშემო
შაბათ დღეს წვიმდა. კვირასაც. მაინც არ დავნებდით და წავედით ფუჯის მთის გარშემო არსებული 5 ტბიდან (იამანაკაკო, კავაგუჩიკო, საიკო, მოტოსუკო, შოჯიკო) მთასთან და ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ტბებისკენ.

იამანაკაკოს ტბას შავი ქვიშის სანაპირო ჰქონდა. წვიმისგან ისეთი ნისლი იყო ჩამოწოლილი, რომ ტბაც კი ბუნდოვნად ჩანდა. გადავედი მანქანიდან, 2-3 ფოტო გადავიღე და დავბრუნდი იმ იმედით, რომ შემდეგ ტბაზე მაინც ვნახავდით ფუჯის მთას.

ყვავილების პარკი Hana no miyako koen
იამანაკაკოსთან ახლოს, ჰანა ნო მიაკოს ლამაზი ყვავილების პარკია (Hana no miyako koen). მხოლოდ ფერადი ყაყაჩოები და ჰორტენზიები (იაპონურად აჯისაი) ყვაოდა. აგვისტოში თუ წახვალთ, მზესუმზირის ყვავილებიც დაგხვდებათ.

სამწუხაროდ, არ ვიცოდი, მხოლოდ ყაყაჩო თუ დამხვდებოდა. მზესუმზირებზე მანამდეც ვიცოდი, აგვისტომდე რომ არ უნდა მეოცნება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეტ სეზონურ ყვავილს ველოდი.







შეგიძლიათ, აი, ასეთი ოთხბორბლიანი ველო-მანქანა დაიქირაოთ და იქაურობა ასე შემოიაროთ. წესით, ამ პარკიდანაც ჩანს ფუჯი, მაგრამ ყველაფერი, ისევ და ისევ, წვიმამ და ნისლმა გადაფარა.

სოფელი Oshino Hakkai
ადგილობრივ მაცხოვრებელს ვკითხეთ, სად წავსულიყავით და ოშინო ჰაკკაი (Oshino Hakkai) გვირჩია. ოშინო პატარა სოფელია იამანაკაკოსა და კავაგუჩიკოს შორის, რომელიც სავსეა ტურისტებით და რომ არა ის კაცი, მის უნახავად წამოვიდოდით.


ოშინოში ძველი სახლები, ფუჯის მთის წყალი და ლამაზი, უზარმაზარი იაპონური თევზები (კოი-კობრი) დაგვხვდა. იქვე ვისადილეთ და გავუდექით კავაგუჩიკოს გზას.


კავაგუჩიკო, ტბა ფუჯის მთის გარშემო
კავაგუჩიკო იამანაკაკოსთან ახლოსაა, მანქანით 30 წუთში იქნებით. მივედით და იქაც ნისლი და წვიმა დაგვხვდა. ვიფიქრეთ, რადგან ასე ახლოს ვიყავით, იქნებ, ფუჯის მეხუთე სადგურამდე მაინც ავსულიყავით მანქანით. გზად ტრაფარეტი დაგვხვდა წარწერით: „15 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე მანქანით ასვლა აკრძალულია. ადით სპეციალური ავტობუსით“.

გოტენბა და შოპინგი
გამოვბრუნდით უკან გოტენბაში. გადავწყვიტეთ, იქ კიდევ ერთი ღამე გაგვეტარებინა. იმავე სასტუმროში დავრეკეთ და ისევ ბოლო ოთახი, ამჯერად სხვა ნომერი დაგვხვდა თავისუფალი. მივედით სასტუმროში, ცუგა და ბარგი დავტოვეთ და წავედით სავაჭრო ცენტრში. გოტენბას აუთლეტი ცნობილია ყველაზე ბევრი ბრენდული მაღაზიით – აქ 210 მაღაზიაა და ყოველთვის ბევრი ხალხია, როგორც იაპონელები, ასევე უცხოელები.

აუთლეტი თითქმის ყველა დიდ ქალაქშია. ასე რომ, თუ მოგინდებათ საყვარელი ბრენდების დათვალიერება და ყიდვა, აუცილებლად ესტუმრეთ უახლოეს სავაჭრო ცენტრს. იქვე კაფეები და სპეციალური დარბაზია, სადაც შეგიძლიათ, სხვადასხვა კერძი შეუკვეთოთ და თავისუფალ სივრცეში მიირთვათ, მაგრამ, ზოგადად, ასეთ ადგილებში გემრიელი საჭმლის იმედი არ გქონდეთ.
ჰაკონე და იაპონური აბანო – ონსენი
ჰაკონეც ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული ადგილია. კავაგუჩიკოს მსგავსად, ჰაკონეც კურორტია. შეგიძლიათ, ფუჯის ხედით დატკბეთ და თან ისიამოვნოთ ცხელ-ცხელი ონსენით (ონსენი – იაპონური აბანო).

სხვათაშორის, ჩვენს სასტუმროსაც ჰქონდა პატარა ონსენი და ორივე დღეს ვესტუმრე. ადრე მრცხვენოდა, იაპონელი ქალები რომ მაშტერდებოდნენ, მაგრამ ეს საუკეთესო საშუალებაა სტრესისგან განსატვირთად და არაფერზე საფიქრად. ამიტომ, თუ იაპონიას ესტუმრებით, ონსენში აუცილებლად წადით.
შეგიძლიათ, წახვიდეთ და იმ დღესვე დაბრუნდეთ, ან თუ მეტი დრო გაქვთ, დარჩეთ რიოკანში (რიოკანი – იაპონური სტილის ტრადიციული სასტუმრო, რომელსაც უმეტესად საკუთარი ონსენი აქვს) და ახლომდებარე ტურისტული ადგილებიც მოინახულოთ.
პატარა უფლისწულის მუზეუმი
ჰაკონეს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, სრულიად შემთხვევით გადავაწყდით პატარა უფლისწულის მუზეუმს (Le Petit Prince). საბედნიეროდ, აღარ წვიმდა, მაგრამ ნისლი იყო. მუზეუმით ნამდვილად მოვიხიბლეთ. შესვლის ფასი დაახლოებით 16 დოლარი იყო.







გამიკვირდა, რატომ არ ვიცოდი მის შესახებ. როგორც წესი, წინასწარ ვგეგმავთ ყველა სანახავ ადგილს და ისე მივდივართ სამოგზაუროდ. პატარა უფლისწულის მუზეუმი კი ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

ჰაკონეს ტაძარი
მუზეუმიდან ჰაკონეს ტაძრამდე მივედით. ნისლი ტაძარს უფრო მისტიკურს ხდიდა. ძალიან ლამაზი იყო ბუნება წვიმის შემდეგ.







ჰაკონედან უკან დასაბრუნებელ, გოტენბას გზაზე, ხედის ადგილები იყო გამოყოფილი, საიდანაც წესით ფუჯის მთა უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ისეთი ნისლი იყო, ამ თხის მეტი არაფერი ჩანდა.

გზაზე სრულიად მოულოდნელად ისეთი მზე გამოვიდა, თვალი მოგვჭრა. გადავედით მანქანიდან და დავინახეთ ნახევრად ღრუბელსა და ნისლში ჩაფლული ფუჯის მთა.

ჩვენს შეცდომებზე ნასწავლი რჩევები!
ძალიან სასაცილო სამდღიანი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენს შეცდომებზე გასწავლით და გეტყვით, რომ:
1
თუ კანსაის რეგიონიდან გადაწყვეტთ ფუჯისკენ გამგზავრებას, აუცილებლად წადით სწრაფი მატარებლით ტოკიომდე, ტოკიოში დაიქირავეთ მანქანა და ასე გააგრძელეთ გზა. ან ტოკიოში, შინჯუკუს სადგურიდან ავტობუსით წადით კავაგუჩიკომდე, მაგრამ ვფიქრობ, მანქანით წასვლა უკეთესი იქნება.

2
იაპონიაში ყველგან შეგიძლიათ იქირაოთ ე.წ Pocket WiFi და წაიღოთ, სადაც გინდათ, ან შეიძინოთ სიმბარათი გარკვეული მეგა/გეგაბაიტების ინტერნეტით, მოიმარჯვოთ გუგლ-მეფი და გაეშუროთ ფუჯისკენ.

3
გირჩევთ, წახვიდეთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, რომ ჩვენსავით ტაიფუნის დროს არ მოხვდეთ. ჩვენ ისევ ვცდით ბედს მომავალ წელს, ამჯერად გაზაფხულზე, და იმედი მაქვს, მეც შევძლებ ფუჯის ხედებით ტკბობას.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაუვიწყარი გამოცდილება იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან და ცუგასთან ერთად, სამი საოცარი დღე მოგზაურობაში გავატარე.