საქართველოს მეორე მასტერშეფი, ნუცა სურგულაძე საოცრად მოტივირებული და სიცოცხლით სავსე ადამიანია. ნუცას ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა. აქვს საკუთარი ფიტნეს-ბლოგი და ხშირად უზიარებს თავის გამომწერეს ჯანსაღი და უგემრიელესი კერძების რეცეპტებს.
გარდა ამისა, მას უკვე საკუთარი კაფე აქვს სახელად – NuGa, რომელიც ფრანგ მეგობარ შეფთან, გაბრიელ მაგუბთან ერთად წამოიწყო. „ჩვენი მიზანია გემრიელი და ჯანსაღი კერძები ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის“. ნუცა და გაბრიელი მექსიკური რესტორნის, Mexicana • მექსიკანას შეფ მზარეულებიც არიან.
ნუცას ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის 1 ნომერში ვესტუმრეთ და კარიერაზე, ჯანსაღ ცხოვრებასა და მოტივაციაზე ვესაუბრეთ.

ნუცა, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მასტერშეფის შემდეგ?
მთელი ცხოვრების განმავლობაში, სულ მქონდა მოტივაცია და მონდომება, მაგრამ იმისათვის, რომ გქონდეს თავდაჯერებულობა, აუცილებელია მიაღწიო მცირედ წარმატებას მაინც. ეს წარმატება გახდება საყრდენი იმისა, რომ განვითარება განაგრძო და გჯეროდეს, რომ უფრო მეტი შეგიძლია.

„მასტერშეფმა თავდაჯერებულობა მომცა. განცდა იმისა, რომ ახლა ვეღარ დავნებდენოდი. ვალდებული ვიყავი განმეგრძო განვითარება და მხოლოდ წინ და წინ მევლო“.
როგორ დაიწყო შენი თავგადასავალი?
ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა კულინარია. 16 წლის ასაკში გავემგზავრე საფრანგეთში, სადაც დავამთავრე სკოლა და შევისწავლე კულინარია. თავდაპირველად დავიწყე მუშაობა გორდონ რემზის რესტორანში, საფრანგეთში. შემდეგ ერთ გადაცემაში ვიყავი, მერე მეორეში.

„დადგა პერიოდი, როდესაც უმოქმედოდ ვიყავი და არაფერს ვაკეთებდი. მივხვდი, რომ ეს არ შემიძლია. ადამიანებმა აუცილებლად უნდა ვიაროთ წინ და განვვითარდეთ“.
როგორ მოხვდი მასტერშეფში?
მასტერშეფში შემთხვევით გავედი. იმ პერიოდში, როდესაც ქასთინგები ტარდებოდა, უნდა წავსულიყავი საფრანგეთში, თუმცა არ მომცეს ვიზა. ამის გამო შევავსე განაცხადი მასტერშეფში. გავედი და შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. გახდა უფრო საინტერესო, თავბრუდამხვევი და მრავალფეროვანი.

„რა თქმა უნდა, ცნობილი რომ ვარ, ძალიან მეხმარება და ბევრ კარს მიღებს. ამ პროექტის შემდეგ გამიჩნდა ის თავდაჯერებულობა, რომელსაც ვეძებდი“.
რას საქმიანობ ამჟამად?
კარანტინის და პანდემიის პერიოდში გადავწყვიტე დამეწყო ვარჯიში. დავიწყე დილაობით სირბილი, ვარჯიში, ჯანსაღად კვება. გადავწყვიტე ვიდეოების ჩაწერა და ჩემი ახალი ცხოვრების სტილის გაზიარება.

„მინდა ყველა მიხვდეს, ჯანსაღად ცხოვრება რთული არ არის. ყველაფერი იწყება ჩვენს გონებაში, მთავარია მონდომება და ელემენტარული ცოდნა“.
რა იყო შენი ფიტნეს ბლოგის შთაგონება?
მინდა ყველას გავუმარტივო ჯანსაღად ცხოვრების გადაწყვეტილების მიღება. ადამიანების ნაწილს ჰგონია, რომ ჯანსაღად კვება რთულია, ძვირია და ა.შ, მაგრამ როდესაც ვიწყებთ ჯანსაღად კვებას, ჩვენი ორგანიზმი მადლობას გვიხდის.

„როდესაც ჯანსაღად ცხოვრებას ვიწყებთ, უფრო ბედნიერები, პოზიტიურები და ხალისიანები ვხდებით, ვივსებით დადებითი ენერგიით. აღარ ვხარჯავთ დროს ნეგატიურ ფიქრებზე“.
რა არის შენი ყველაზე დიდი მოტივაცია?
ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ბედნიერებაა. მინდა, რომ სულ ბედნიერი ვიყო, იმიტომ, რომ როდესაც მე ბედნიერი ვარ, ამ გრძნობას სხვასაც ვუზიარებ. მინდა, რომ ვიყო წარმატებული და ყველას გავუზიარო ის ცოდნა, რაც მაქვს. ბოლოს კი მინდა, რომ ყველანი ბედნიერები ვიყოთ.
