ვინ ვარ მე? ნინო ჩხიკვიშვილი ზედმეტსახელად ჩიკო. თბილისში, დიდ და საყვარელ ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი უგემრიელეს საჭმელებს აკეთებს, თან ისე, სულ იმპროვიზაციით და საინტერესოდ. დედაჩემი და მამიდაჩემიც მუდამ ახალ რეცეპტებს იგონებენ, მამაჩემსაც გემრიელი ხელი აქვს. ჩემი ძმა ძირითადად შემფასებელია, თუმცა, გემრიელ ფლავსაც ამზადებს.
„4 წლის ვიყავი, როდესაც გამოვდექი და ვთქვი, რომ ლექსი დავწერე, რომელიც ასე ჟღერდა: „ აჭარული ხაჭაპური რა გემრიელია, შიგნით კვერცხი ასხია და თვითონ შემწვარია”.
4 წელი „ვისწავლე“ თავართქილაძეში, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე. შემდეგ, ავდექი და თეატრალურში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამასობაში, ორი სუპერ შვილი, ლილუ და სოფია გამიჩნდა. დღეს, მაჩაბლის სახელობის თეატრის მსახიობი ვარ და ჩემთვის ყველაზე მაგარ კომპანია „სარკე სტუდიო“-შიც ვმუშაობ.
„კულინარიული განათლება არ მიმიღია. იმ ოჯახში გავიზარდე, სადაც ამ სფეროს აფასებენ და უყვართ”.
თეატრაული რომ დავამთავრე, კულინარიის აკადემიაში ვფიქრობდი კურსის გავლას. დავრეკე, მითხრეს სამი წლის მერე არის ადგილები და რეზერვში ჩაგსვამთო. სამი წლის მერე სად ვიქნები კაცმა არ იცისთქო და დავივიწყე აკადემია.
„პატარ-პატარა კულინარიულ მასტერკლასებს ვესწრებოდი ხოლმე. სულ რაღაცას ვამზადებ. სახლში თუ არ გავილამაზე და გემრიელად, ჩემს გემოზე არ მოვიმზადე სადილი, ისე არ მერგება”.
ჩემს პატარა ოჯახთან ერთად, იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. მეც და ჩემს ქმარსაც გვიყვარს სტუმრიანობა და ერთადაც გემრიელად ვამზადებთ. საღამოს, ხშირად ვიღებთ სტუმრებს. სულ ცოტა 10 ადამიანს მაინც ვანაყრებთ ხოლმე და ისე ვუშვებთ სახლებში.
„დაწყევლილი კორონას გავრცელებისას ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, რით გამეხალისებინა კარანტინი. ასე გამიჩნდა ჯგუფის „Home Cooking Adventures“ შექმნის იდეა”.
ვფიქრობდი, შემექმნა სივრცე სადაც იქნებოდა ბევრი კულინარიაზე შეყვარებული ადამიანი, გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას და აღმოვაჩენდით ბევრ საინტერესო რეცეპტებს.
ამის გარდა, მინდოდა რომ ჯგუფი საერთაშორისო ყოფილიყო. ასე წარმომიდგენია: მაგალითად ვამზადებ პასტას და კითხვა გამიჩნდა. რა მაგარია, როდესაც არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება პასტაზე ვიკითხო და პირდაპირ იტალიელმა გამიზიაროს საკუთარი გამოცდილება.
„კულინარიულ ოქროს ხანაშია დღეს საქართველო და მსურს, რაღაცნაირად ამის ნაწილი მეც ვიყო”.
რა თქმა უნდა, ჯგუფში ძირითადად ქართველები არიან, მაგრამ აქტიური უცხოელებიც გვყავს. ამ რიცხვს აუცილებლად გავზრდი, როდესაც ჯგუფის სახელით შექმნილი ფეისბუქის გვერდი უფრო აქტიური გახდება. არ ველოდი, თუ ამდენი სუპერ მოყვარული მზარეული გვყავდა. პირდაღებული ვსქროლავ ხოლმე ფოტოებს, სასწაული ხალხია ჯგუფში და შეუდარებელ კონტენტს ქმნიან.
„რაღაცნაირი სფეროა კულინარია, სიყვარულს და პოზიტივს აფრქვევს. ჯგუფს დაბღვერილი არასდროს ვუყურებ, სულ მეღიმება რომ შევდივარ”.
ჯგუფმა ბევრი იდეა შთამაგონა და ნელ-ნელა ვიწყებ მათთვის ხორცის შესხმას. ჩემი სურვილია, რომ Home Cooking Adventures იყოს სახელი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ხარისხთან, ნდობასთან, ბევრ სიყვარულთან და პოზიტიურ განწყობასთან.
ამ სახელის ქვეშ აუცილებლად შეიქმნება საინტერესო პროექტები. ყველაზე ამაღელვებელი ფაზა სწორედ ახლა იწყება.