გვანცა ჯიშკარიანის სახელი ისე თუ არ გსმენიათ, ჩემი სვეტიდან მაინც გემახსოვდებათ და საერთოდ, მემგონი ყველა, ვინც მიცნობს, იცნობს გვანცასაც. ალბათ, ცოტა ხელოვანია, ვისიც ისე მჯერა, როგორც გვანცასი.
ამჯერად, მისი სოლო შოუს Together Forever-ის შესახებ დავწერ, რომლის კურატორიც ვარ. უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ და არაკორექტულადაც კი, მაგრამ როგორც თავიდანვე ვთქვი, სვეტში ძალიან გამიჭირდებოდა ობიექტურობის შენარჩუნება. ამიტომ ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულად სუბიექტური ვიქნები, მაგრამ მემგონი ძალიან ობიექტურად ფანტასტიური გამოფენა გამოვიდა.
გამოფენას Together Forever ჰქვია და როგორც თვითონ გვანცა ხსნის, იმ აღმოჩენის შეჯამებაა, რომ ერთადერთი, რაც ადამიანს ცხოვრებაში მუდმივად, გარდაუვალად და უპირობოდ მისია და მასთან არის, საკუთარი თავია. როგორც ეს ფორმულირება არის ძალიან მარტივი და სწორხაზოვანი, ამავდროულად, ღრმად დამაფიქრებელი, ჩემი აზრით, ზუსტად ასეთი არის გამოფენაც.
ექსპოზიციაზე 20-მდე ნამუშევარი არის წარმოდგენილი და როგორც გვანცასთვის არის დამახასიათებელი, ახალი თავგადასავალია მასალებსა და გამოხატულების ფორმებში. ამასობაში, თითქმის ყველა მასალაში ჩნდება გვანცას სახე. ეს ერთობ ეგოცენტრული ჟესტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამოფენაზე.

გამოფენა მართლაც რომ უკიდურესად პერსონალურია – მთავარი თემა, თავად ხელოვანია: მისი პერსონა, ინტერესები, განცდები და გამოცდილებები; მისი მოგზაურობაა საკუთარ შიშებში, სისუსტეებსა და გამოწვევებში. ამავდროულად, გამოფენა ამ ყოველივეზე ერთგვარი გამარჯვება და საკუთარი თავის აღნიშვნაა.
რამდენადაც ეგოისტურად შეიძლება ჩანდეს საკუთარი ბიუსტის ჩამოსხმა, პორტრეტების ბუნებრივი ქვის მოზაიკისგან გაკეთება, ან საკუთარი ფულის ერთეულის შექმნა, იმდენად სენტიმენტალური ხდება ეს ჟესტი გვანცას შემთხვევაში. ამით მან მთავარი სათქმელი თქვა – სამყაროში, რომელიც მხოლოდ შენს დამცირებაზე, შენი ოცნებების და ენთუზიაზმის განადგურებაზეა ორიენტირებული, შენით უნდა დაუდგა საკუთარ თავს მონუმენტები. იმისთვის რომ არ დანებდე, თავდაუზოგავად ცურავ დინების საწინააღმდეგოდ.

ზუსტად ამ აღმოჩენის გარშემო ტრიალებს მთელი გამოფენა და ალბათ, ყველაზე ნათელი შეჯამება ხელოვანის ბიუსტია. გვანცამ საკუთარი სხეულის ყალიბი გააკეთა და შემდეგ თაბაშირში ჩამოასხა ფიგურა. გამოფენა ნამდვილად საეტაპოა ხელოვანისთვის და ბიუსტი თითქოს ამის დემონსტრირებაა – სურვილი, რომ ეს შეგრძნებები და მიგნებები შეჯამდეს და გაიყინოს დროსა და სივრცეში.
ამავდროულად, ასეთი გამოხატულების ფორმას საკუთარი იკონოგრაფია გააჩნია; ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ფიგურებისა და მოვლენების უკვდავსაყოფად არის გამოყენებული და ძირითადად მასკულინურ სამყაროსთანაა გადაჯაჭვული. მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტი მიყვება ტრადიციულ, მკაფიოდ განსაზღვრულ სტანდარტებს, გვანცა მაინც აკეთებს მისეულ ინტერპრეტაციას, რომელიც ერთდროულად არის გაჯერებული იუმორითა და სენტიმენტალობით.

ხელოვანი, თაბაშირში შესრულებულ ბიუსტს, რომელიც ძირითადად შუამავალი ტექნიკაა, როგორც საბოლოო ნამუშევარს ისე წარმოგვიდგენს და ამგვარად ნამუშევარს არ უკარგავს ჰუმანურობის ასპექტს. ქანდაკებასთან მიახლოებისას ვამჩნევთ დეფექტებს, ყალიბში ჩარჩენილ წამწამებს, თმის კულულებს… და ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს მართლა ვნახავთ ამ გოგოს ბრინჯაოში ჩამოსხმულ ბიუსტს სადმე…
გვანცას ცხოვრებისა და შემოქმედების მსგავსად, იუმორი ნამდვილად დიდ ადგილს იკავებს გამოფენაზე. მე პირადად ბევრჯერ მინახავს სიმწრისგან ახარხარებული გვანცა. ხელოვნებაში, იომორი ერთგვარი იარაღია ყველაზე რთულთან გასაკმლავებლად და ყველაზე მტკივნეულზე სალაპარაკოდ. და მართლაც, იუმორით და სარკაზმით ნათქვამი სიმართლეები ყველაზე განმგმირავი შეიძლება იყოს.
გამოფენის ერთ ნაწილს გობელენის ნამუშევრიდან აღებული ფრაზა – I Recycle My Tears, ერთგვარ მანტრად გასდევს. ქარხნული გობელენებისგან გადაბმულ უზარმაზარ პანოზე, ვარდისფერი სქელი ძაფით დაქარგული ეს წინადადება ერთგვარ სიმსუბუქეს იძენს, არადა მის უკან შეძახილია, რომ ყველა სირთულე, წინაღობა, თუ ტკივილი პოზიტიურ ენერგიად უნდა გადაიქცეს.

გობელენების სერია ხელოვანის შემოქმედებაში ყველაზე გრძელი და ცნობილია. ის მისი ბავშვობის შეგრძნებებსა თუ ტრავმებზე რეფლექსიაა. გვანცა მისთვის საძულველ გობელენებს, რომლებიც ბავშვობაში ასე ეზიზღებოდა და ესირცხვილებოდა, აგრესიულად ამუშავებს ხელით – ჭრის, ხევს და არღვევს. შემდეგ კი, მათზე წინადადებას აქარგავს და ამ ფიზიკურად ინტენსიური სამუშაოს მეშვეობით, ხშირად, თავისუფლდება იმ ემოციებისგან, რასაც ფრაზა ეძღვნება.
გამოფენის კულმინაცია კი ნამდვილად ბუნებრივი ქვის მოზაიკაა იგივე სათაურით, I Recycle My Tears. იგი 4 ფილისგან შედგება და ვინტაჟურ პანოზე არის დაკიდებული. პირველ ფილაზე, მოზაიკის ტექნიკაში შესრულებული ხელოვანის პორტრეტია. პორტრეტიდან წამოსული ცრემლები ფილებზე იღვრება და ხან ხელოვანის ხელზე იღვრება, ხან სახეზე. ბოლოს კი, ნაჭერზე გროვდება.

მოზაიკის ტექნიკას ძალიან საინტერესო და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც ხელოვანს საინტერესოდ აქვს გადათამაშებული თავის შემოქმედებაში, ამ გამოფენაზე კი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოზაიკაში შესრულებული გამოსახულება პირველ რიგში განდიდების ფორმა იყო, როგორც ანტიკურ სამყაროში, ასევე ქრისტიანულ კულტურაში. შემდეგ, საბჭოთა პერიოდში პროპაგანდის ყველაზე გავრცელებულ ფორმად და სახალხო გამოსახულებად მოგვევლინა.
გვანცას წარმოდგენილი ნამუშევარი თითქოს ამ ორ იდეას ერთმანეთში აერთიანებს – იღებს ყოველდღიურსა და ბანალურს და ტექნიკის მეშვეობით, აღმატებულების ხარისხს ანიჭებს. ეს ელემენტი განსაკუთრებით ხაზგასმულია, რადგან წარმოდგენილი ნამუშევარი ბუნებრივი ქვებისგან არის შესრულებული.
მოზაიკა ვინტაჟურ სტილში, პასტელურ ფერებში შესრულებულ პანოზე კიდია, რომელზეც მშვიდი ფერთა გამის მიუხედავად, ერთგვარი დრამა ვითარდება. ხრამიდან, რომელიც ვულკანია, ძლიერი ორთქლის სვეტები ამოდის. მათ თავზე კი, მფრინავი ფენიქსის მოზაიკა ჰკიდია. ეს მითიური ჩიტი სხვადასხვა კულტურებში გვხვდება და მისი მთავარი მახასიათებელი ციკლურობაა – როდესაც, თვითწვის შედეგად საკუთარი ფერფლიდან თავიდან იბადება. ალეგორია განადგურებაზე და შემდეგ ამ დესტრუქციიდან ახალი საწყისის დაბადებაზე, მნიშვნელოვანი დაკვირვებაა ხელოვანისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, საკუთარი ტკივილებისგან ახალი მოცემულობები შექმნას.

გვანცას გარდა, გამოფენა ასევე აღნიშნავს იმ ახალგაზრდა კრეატიულ ძალას, რომელსაც თბილისი მსოფლიო კრეატიულ რუკაზე დააქვს. იქნება ეს მოდა, ვიზუალური ხელოვნება, თუ ელექტრონული მუსიკა. გამოფენაზე შესვლისთანავე ვხედავთ უშველებელ პანოს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს with a twist. ნამუშევარს New Gods of Post Apocalyptic World ქვია. გვანცა და მისი მეგობრები წარმოდგენილები არიან როგორც დაფნა, ნარცისი, ირისი, დიონისე და პერსეფონე. მათთვის დამახასიათებელი ატრიბუტიკით გაფორმებული გმირები, სიცოცხლით სავსენი, უსიცოცხლო, ხრიოკ უდაბნოში არიან წარმოდგენილი; თითქოს, ახლადმოვლენილები არიან მიწაზე, რომელიც უნდა გააცოცხლონ და გადაასხვაფერონ – ის, რაც მე ამ თაობაზე წარმომიდგენია!

გამოფენაზე იგივე ესთეტიკაშია შესრულებული ნამუშევარი The Last Tarot – დიბონდის ფირფიტებზე დაბეჭდილი ფოტო მონტაჟები. ეს სერიაც ერთობლივი ნამუშევარია და გვანცას, ხელოვნებათმცოდნე დავით აფაკიძის და ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძის პროექტია. პრინტები ტაროს სამკითხაო კარტს უკეთებს უჩვეულო ინტერპრეტაციას, სადაც, კვლავ თბილისის ალტერნატიული კრეატიული წრის წარმომადგენლებს ვხვდებით. ისინი სხვადასხვა არკანის ფორმაში არიან გამოსახულნი. აქაც განსაკუთრებული აქცენტი არის გაკეთებული ქართულ მოდაზე და ყველა პერსონაჟს ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი აცვია. ნამუშევარი ერთდროულად რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს და მათ შორის აღნიშნავს მოდის სფეროს, როგორც ყველაზე ლიბერალურ ოაზისს.
გამოფენას კიდევ ერთი სატელიტური ინსტალაცია აქვს, რომელიც, ჩემი აზრით ყველაზე კარგად აჯამებს გვანცა ჯიშკარიანის პიროვნებას. იგი აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ შენობაზე, ყველანაირი ნებართვის გარეშე ჰკიდია უკვე ერთ წელზე მეტია. ყველაფერი გვანცას ფოტოთი დაიწყო, რომელიც ცარიელ შადრევანში, მონუმენტს შემოხვეულმა გადაიღო. ეს ფოტო ისეთი პოპულარული გახდა ვირტუალურ სივრცეში, რომ მან გადაწყვიტა 3 მეტრიან ბანერზე დაებეჭდა, ქალაქის ცენტრში, საბჭოთა თაღოვან შენობაზე დაეკიდა და შემდეგ ენახა, რა გაგრძელება ექნებოდა ამ ყველაფერს. წარმოდგენილი ვიზუალი ისეთი უჩვეულო და მოულოდნელი აღმოჩნდა ქალაქისთვის, რომ ჩვენი ეჭვები არ გამართლდა და არავის დაუზიანებია – ჩამოუხევია, დაუჯღაპნია და არც არაფერი მიუწერია.

გამოფენის გახსნამდე კი, გვანცამ არკანი, სახელწოდებით Wheel of Fortune, კვლავ 3 მეტრიან ბანერზე დაბეჭდა და წინა ინსტალაციის გვერდით მოათავსა. აი ზუსტად ასეთია გვანცაც – ყოველთვის მოულოდნელი და არასტანდარტული, ყოველთვის ნორმებსა და მოცემულობებთან მებრძოლი, უსასრულოდ გამბედავი და ცოცხალი. იმიტომ რომ, რატომაც არა?!

გამოფენა, The Why Not Gallery კურატორობით, „ღია სივრცე ექსპერიმენტური ხელოვნებისთვის” პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.
06/02/21
„ღია სივრცე ექსპერიმენტური ხელოვნებისთვის”
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა, თბილისი
14:00-ზე გაიმართება საუბარი ხელოვანთან
ადგილის დასაჯავშნად მოგვწერეთ hi@thewhynotgallery.com
გამოფენა გაგრძელდება 14 თებერვლამდე.
მეტი ინფორმაცია The Why Not Gallery-ის შესახებ: www.thewhynotgallery.com